„სიონი“ „გაგრას“ წინააღმდეგ - საჩემპიონო მატჩი ბოლნისში გაიმართება #1TVSPORT
„სიონი“ „გაგრას“ წინააღმდეგ - საჩემპიონო მატჩი ბოლნისში გაიმართება #1TVSPORT

27 ნოემბერს თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგა 2-ის 35-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება – გათამაშების ლიდერი „სიონი“ „გაგრას“ უმასპინძლებს.

სეზონის დასრულებამდე ორი ტური რჩება. „სიონს“ დიდი შანსი აქვს, 35-ე ტურში ჩემპიონობა იზეიმოს. ბოლნისელები 34 ტურის შემდეგ გათამაშებას 78 ქულით ლიდერობენ და ფრეც ხელს აძლევს, რომ ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვონ.

„გაგრამ“ კონკურენტს სამი მატჩიდან ორი მოუგო, ერთიც ფრედ დაასრულა, მაგრამ ბოლნისელებს მაინც 6 ქულით ჩამორჩება და ეროვნულ ლიგაში ადგილის მოსაპოვებლად ორივე დარჩენილი მატჩი უნდა მოიგოს, ოღონდ იმ პირობით, რომ „სიონი“ მასთან უშუალო მატჩის გარდა, ბოლო ტურშიც დამარცხდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ეროვნული ლიგისგან განსხვავებით, ლიგა 2-ის მატჩებზე გულშემატკივრებს თამაშებზე ჯერაც არ უშვებენ – მატჩს მხოლოდ მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საჩემპიონო დაპირისპირება თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ხვალ, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, შედგება. მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ნახვა ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე www.eliga.ge იქნება შესაძლებელი.