„სიონი“ ძლიერდება - კობახიძე ბოლნისისთვის შეუტევს
„სიონი“ ძლიერდება - კობახიძე ბოლნისისთვის შეუტევს

ბოლნისის „სიონი“ ახალი სეზონის დაწყებამდე საგრძნობლად გაძლიერდა – გუნდმა რამდენიმე ცნობილი და გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატა, რომლებიც უკვე გუნდთან ერთად ემზადებიან.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ნახევარმცველის, თორნიკე გორგიაშვილის გარდა, ბოლნისელებთან ერთად ვარჯიშობენ „ჯვაროსნების“ კიდევ ერთი ყოფილი შემტევი, სანდრო კობახიძე, „სამტრედიადან“ წამოსული ლაშა ქოჩლაძე და ვარლამ კილასონია, ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილი მცველი გურამ ადამაძე, ასევე გიორგი კორიფაძე (საჩხერეს „ჩიხურა“), ბიძინა მახარობლიძე (თბილისის „მერანი“) და დათა სიჭინავა (ზუგდიდის „დინამო“).

მოსამზადებელ ეტაპზე, გუნდმა მესამე ამხანაგური შეხვედრა მეოთხე ლიგის წარმომადგენელ თბილისის „იბერიასთან” გამართა და მატჩი ფრედ 2:2 დაასრულა. ბოლნისელთაგან თავი ახალწვეულმა სანდრო კობახიძემ და ჯაბა უგულავამ გამოიჩინეს. ხოლო „იბერიადან“ – ვაჟა ლომაშვილმა და მერაბ მეგრელაძემ.

ბოლნისური კლუბის მიზანი ეროვნულ ლიგა ერთში დაბრუნებაა. ამისთვის გუნდი, მაქსიმალურად ცდილობს სეზონს მომზადებული შეხვდეს. „სიონი“ მოსამზადებელ ეტაპს აქტიურად აგრძელებს და მორიგ ტესტ-მატჩს, 14 თებერვალს, „სპაერთან“ გამართავს.

სიონი (პირველი ტაიმი): ისიანი, კორიფაძე, ტვილდიანი, ადამაძე, უგრეხელიძე, თარხნიშვილი, ქოჩლაძე, სიჭინავა, ისიანი, კობახიძე, მახარობლიძე.

მეორე ტაიმი: ისიანი, აწყურელი, კილასონია, გუჯაბიძე, ტვილდიანი, ქოჩლაძე, გორგიაშვილი, მესხი (სიჭინავა), გ. უგრეხელიძე, ხარებაშვილი, უგულავა.

დატოვე კომენტარი