სიომინმა კვარაცხელიათი იტალიური გრანდების დაინტერესებაზე ილაპარაკა - არ მიკვირს, მას კარგი შემოთავაზებები აუცილებლად ექნება #1TVSPORT
სიომინმა კვარაცხელიათი იტალიური გრანდების დაინტერესებაზე ილაპარაკა - არ მიკვირს, მას კარგი შემოთავაზებები აუცილებლად ექნება #1TVSPORT

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, იური სემინმა RB Sport–თან კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ იტალიური გრანდები, „იუვენტუსი“ და „მილანი“ ინტერესს გამოხატავენ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. 

ამის შესახებ Tuttomercatoweb პორტალი იტყობინებოდა. წყაროს ცნობით, 20 წლის კვარაცხელიას ტრანსფერი, შესაძლოა, დორტმუნდის „ბორუსიამ“ განახორციელოს. იტალიური გამოცემის ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ „იუვენტუსისა“ და „მილანის“ წარმომადგენლები ფეხბურთელს 28 მარტს საქართველო-ესპანეთის მატჩზე დააკვირდებიან.

„ის ახლა პროგრესირებს და სავსებით შესაძლებელია, თუ კარგი შემოთავაზება იქნება, „რუბინს“ დატოვებს. თუ კვარაცხელიას ტრანსფერში კარგ თანხას გადაიხდიან, ეს ნორმალურია. ხვიჩა 20 წლისაა და ამ ასაკში უნდა ითამაშოს. ხვიჩას მიმართ ინტერესი რომ არსებობს, ამაში ეჭვი არც მეპარება. მგონი, „რუბინი“ გაუშვებს. მათ ასეთი ხელშეკრულებები ჰქონდათ“, – ციტირებს სიომინის სიტყვებს RB-Sport-ი.

გამოცდილი სპეციალისტი არ დაეთანხმა ჟურნალისტის სკეპტიციზმს, რომ 20 წელი ადრეა ისეთი კლუბში სათამაშოდ, როგორიც „იუვენტუსია“, რადგან ტურინულ კლუბში დიდი კონკურენციაა: „ეს ნორმალური ასაკია, როდესაც სხეული დატვირთვებს იღებს და სხვადასხვა სიტუაციებს ეგუება. თუ შემოთავაზებაა, უნდა დათანხმდე. სხვა საკითხია, რომ კონკრეტული გუნდის მწვრთნელს მისი გუნდში აყვანა სურს თუ არა. გარდა ამისა, ისიც სანახავია, ხვიჩას ყველაზე მეტად როგორი სტილი შეეფერება. აქ მან თავად უნდა მიიღოს მონაწილეობა გადასვლაში. ის ამისკენ ისწრაფის“.

სიომინი დარწმუნებულია, რომ „რუბინი“ და ლეონიდ სლუცკი ასეთ ფასეულ მოთამაშეს ხელს არ შეუშლიან: „ვფიქრობ, „რუბინი“ გაუშვებს. მათ ასეთი შეთანხმებები ჰქონდათ. სლუცკის გუნდი პროგრესირებს, მოთამაშეები უკეთესები არიან. ეს შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს – გუნდი შესანიშნავია. ეს სლუცკის დიდი დამსახურებაა. თუ დასაწყისი რთული აღმოჩნდა, ახლა ყველა მოთამაშე შესანიშნავად თამაშობს“.

ხვიჩა კვარაცხელიას რუსეთში გადასვლა სწორედ იური სიომინს უკავშირდება – 20 ქართველი ფეხბურთელი მოსკოვის „ლოკომოტივში“ რუსი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაშობდა, „რუბინში“ კი 2019 წელს გადავიდა, რამაც სიომინის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. საბოლოოდ, მისი „ლოკომოტივის“ ხელძღვანელობასთან დაპირისპირებისა და გუნდის დატოვების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ქართველი თავდამსხმელის წასვლა გახდა.