სიომინი - კვარაცხელიას ნიჭში ეჭვი არ მეპარებოდა, მას დიდ გუნდში შეუძლია თამაში
სიომინი - კვარაცხელიას ნიჭში ეჭვი არ მეპარებოდა, მას დიდ გუნდში შეუძლია თამაში

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა მოსკოვური გუნდის ყოფილ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ, რომელიც ახლა ყაზანის „რუბინში“ თამაშობს, „სპორტ24“-ს შთაბეჭდილებები გაუზიარა.

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურის მატჩში ეკატერინბურგის „ურალთან“ ყაზანელებმა 2:1 მოიგეს.  კვარაცხელიამ მეტოქეს ჯერ „მაკრატელათი“ ეფექტური გოლი გაუტანა, ხოლო შემდეგ თანაგუნდელს კარის წინ ბურთი ფეხზე დაასვა და გუნდის გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა.

„ხვიჩამ „ურალის“ წინააღმდეგ მშვენიერი თამაში ჩაატარა. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. ეჭვი არ მეპარებოდა მის ნიჭში. ის დიდი დანაკლისი იყო „ლოკომოტივისთვის“, როდესაც მასთან კონტრაქტი არ გააფორმეს. შეძლებს ხვიჩა მომავალში ევროპაში თამაში? მიმაჩნია, რომ მას კარგი მომავალი აქვს. ფეხბურთისადმი სწორი დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხვიჩას შეუძლია შორს წავიდეს და დიდ გუნდში ითამაშოს“ – განაცხადა სიომინმა Sport24-თან ინტერვიუში.