სიმონე ინძაგი - ფინალში „ინტერს“ ხასიათი, გული და გამარჯვების დიდი სურვილი სჭირდება #1TVSPORT
სიმონე ინძაგი - ფინალში „ინტერს“ ხასიათი, გული და გამარჯვების დიდი სურვილი სჭირდება #1TVSPORT

ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მილანის „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ საკლუბო სეზონის მთავარ მატჩში ფავორიტი ინგლისური გუნდია, თუმცა „ინტერს“ ისტორიის დაწერის შანსი აქვს.

„მიმდინარე სეზონში ბევრს მივაღწიეთ და გაჩერება არ გვსურს. „მანჩესტერ სიტი“ ფავორიტია და ეს ლოგიკურია, თუმცა ფინალში „ინტერი“ საუკეთესო თამაშის ჩვენებას აპირებს. მოედანზე თერთმეტი ფეხბურთელი თერთმეტის წინააღმდეგაა და ყველაფერი შესაძლებელია.

მატჩის მსვლელობისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ნახევარდაცვაში სწორად მოქმედება. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ და თითოეული მომენტის შემდეგ აქტიურ ფაზაში დავრჩეთ. ზუსტად ვიცით, როგორი სტილის თამაში გვჭირდება მეტოქის დასამარცხებლად.

ერლინგ ჰალანდის წინააღმდეგ გეგმა არსებობს, თუმცა მთავარია, დაცვითი თამაშის ფაზაში გუნდურობა შევინარჩუნოთ.

აქამდე ერთიანობამ მოგვიყვანა. ქომაგები მუდამ ჩვენ გვერდით არიან და მათგან ფინალშიც ველით მხარდაჭერას. „ინტერს“ ისტორიის დაწერის შესანიშნავი შანსი აქვს და ამისთვის ჩვენ ხასიათი, გული და გამარჯვების დიდი სურვილი გვჭირდება“, – განაცხადა ინძაგიმ.

„მანჩესტერ სიტისა“ და „ინტერის“ ფინალური დაპირისპირება სტამბულში, „ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.