სიმი საიოტი - ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრები მეტოქეებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს #1TVSPORT
სიმი საიოტი - ევრო 2022-ზე საქართველოს ნაკრები მეტოქეებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს #1TVSPORT

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, სიმი საიოტიმ (რომელიც გუნდს ვერ დაეხმარება) „აზერისპორტთან“ ინტერვიუში აზერბაიჯანის ნაკრებთან ევრო 2022-ის სასტარტო მატჩისთვის (ხვალ გაიმართება) „ჯვაროსნების“ მზადებაზე კომენტარი გააკეთა.

„სამწუხაროდ, პირადი პრობლემების გამო ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვერ ვითამაშებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს ნაკრები ტურნირისთვის მზადაა და მეტოქეებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს. ძალიან ძლიერი ჯგუფი გვყავს. ყველა გუნდი ეცდება გამოიყენოს შანსები შემდეგ ეტაპზე გასასვლელად“, – ამბობს სიმი საიოტი.

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა პირველი შეხვედრის მეტოქეზე, აზერბაიჯანის ნაკრებზეც ისაუბრა.

„რაც შეეხება აზერბაიჯანთან მატჩს, ევრო 2022 მაღალი დონის ტურნირია და არცერთ თამაშში ფავორიტები არ იქნება. ორივე გუნდს აქვს გამარჯვების შანსი. თამაში საინტერესო იქნება, რადგან ორივე გუნდში ძლიერი ადგილობრივი ფუტსალის გარდა, მაღალი დონის ბრაზილიელი ფეხბურთელებიც თამაშობენ. აზერბაიჯანიც ძალიან კარგი გუნდია“, – განაცხადა საიოტიმ.

საქართველოს ნაკრები ევრო2022-ის პირველ შეხვედრას აზერბაიჯანთან 22 იანვარს, თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყებს. საქართველოს ეროვნული გუნდის, ასევე ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის მატჩებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.