სილა „მერანში“ დარჩა - მალელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
სილა „მერანში“ დარჩა - მალელმა ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

შეიკნე სილამ მარტვილის „მერანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ამით გუნდთან მალელი თავდამსხმელის ხანგრძლივი მოლაპარაკებები დასრულდა.

შეიკნე სილა 2021 წლის სეზონში ეროვნულ ლიგა 2– ში ერთ-ერთ საუკეთესო მეგოლე იყო. მარტვილის „მერანის“ 27 წლის თავდამსხმელი მოედანს უგოლოდ თითქმის არ ტოვებდა და საბოლოოდ, „გაგრას“ შემტევ თამაზ მაქაცარიასთან ერთად, 23 გოლით ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შეიკნე სილამ თავი გამოიჩინა ეროვნული ლიგის პლეიოფის მატჩშიც. მარტვილის „მურთაზ ხურცილავა -არენაზე“ ქუთაისის „ტორპედოსთან“ პლეიოფის პირველ მატჩში ანგარიში გახსნა და განმეორებით მატჩშიც „მერანის“ რიგებში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო.

თუმცა მარტვილელებმა სეზონისთვის მზადება რომ დაიწყეს, შეიკნე სილა გუნდში არ იყო. მას ეროვნულ ლიგა2-ში თამაში აღარ სურდა და თანხმობისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვდა. საბოლოოდ, კლუბი მალელ თავდამსხმელს შეუთანხმდა და შეიკნა სილა 2022 წელსაც მარტვილის „მერანისთვის“ შეუტევს.