სიხარულიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა - სეზონის პირველი დიდი ანგარიშით გამარჯვება „ლოკომოტივმა“ მოიპოვა
სიხარულიძემ დაბრუნება გოლით აღნიშნა - სეზონის პირველი დიდი ანგარიშით გამარჯვება „ლოკომოტივმა“ მოიპოვა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ახალ საფეხბურთო სეზონში პირველი მატჩი ჩაატარა და პირველი სამი ქულა დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა.

კრისტალბეტ ეროვნულ ლიგაში“ პირველი ტურის მორიგი მატჩი „მიხეილ მესხზე“ გაიმართა, სადაც თბილისის „ლოკომოტივმა“ „რუსთავს“ უმასპინძლა.

ანგარიში მე-18 წუთზე ეფექტური დარტყმით რუსთაველთა ნახევარმცველმა, ზაზა ციცქიშვილმა გახსნა – 0:1. ამის შემდეგ თბილისელებმა მეტოქეს მთელი ძალებით შეუტიეს და ქულის მოპოვების შანსიც არ დაუტოვეს: 34-ე წუთზე, წონასწორობა თბილისელთა თავდამსხმელმა დავით ჯიქიამ აღადგინა, ხოლო 45-ე წუთზე რატი არდაზიშვილმა სტუმართა მცველებს შეცდომა არ აპატია და „ლოკომოტივი“ ანგარიშით – 2:1 დააწინაურა.

შეხვედრის ბოლოს თბილისელებმა „რუსთავის“ კარი კიდევ ორჯერ აიღეს: 84-ე წუთზე საქართველოში დაბრუნება ირაკლი სიხარულიძემ გოლით აღნიშნა, ხოლო ოთხ წუთში მისი გადაცემით 18 წლის რევაზ ინჯგიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – „ლოკომოტივმა“ პირველი სამი ქულა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით – 4:1. ეს „კრისტალბეტ ეროვნულ ლიგის“ ახალ სეზონში პირველი დიდი ანგარიშით მოგება იყო.