სიგუამ შვეიცარიაში პირველად გაიტანა - ქართველმა „ბაზელი“ ლიდერთან წაგებისგან იხსნა [ვიდეო] #1TVSPORT

გაბრიელ სიგუამ „ბაზელში“ პირველი გოლი გაიტანა და გუნდი ჩემპიონატის ლიდერ „ციურიხთან“ დაპირისპირებაში წაგებას გადაარჩინა – 2:2.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შვეიცარიის სუპერლიგის მეექვსე ტურში მოედანზე 70-ე წუთზე შევიდა, როდესაც „ციურიხი“ ბარიშიჩის ავტოგოლითა (45) და ოკიტას (48) ზუსტი დარტყმის შემდეგ 2:0-ს იგებდა.

მასპინძლები რთულ მდგომარეობაში იყვნენ. გაბრიელ სიგუას მოედანზე გამოჩენიდან ორ წუთში, „ციურიხს“ რენატო ვეიგამ გაუტანა და სხვაობა შეამცირა.

ქართველმა ნახევარმცველმა 78-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 90+6-ე წუთზე კი შვეიცარიაში პირველად გაიბრწყინა – მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა.

შვეიცარიის სუპერლიგაში ჩატარებული ექვსი ტურის შემდეგ „ბაზელს“ მხოლოდ 4 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეცხრე პოზიციაზეა.