„სიენენი“ - ოკუპირებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო
„სიენენი“ - ოკუპირებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო

ოკუპირებული ხერსონის ოლქის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთთან შეერთების შესახებ დაგეგმილი რეფერენდუმი გადაიდო. „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ ოკუპირებულ ხერსონში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ სტრემოუსოვმა განაცხადა.

„ხერსონის რეგიონი მზად არის რუსეთის ფეედერაციასთან შეერთების თაობაზე რეფერენდუმის ჩასატარებლად, მაგრამ უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გამო, აღებულ იქნა პაუზა“, – განაცხადა სტრემოუსოვმა.

უკრაინისა და დასავლეთის ქვეყნების ოფიციალური პირები დიდი ხანია, აკრიტიკებენ რუსეთის მცდელობას, ჩაატაროს ფიქტიური რეფერენდუმები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც „სიენენი“ წერს, სტრემოუსოვის განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ უკრაინამ ხერსონის რეგიონში კონტრშეტევის წამოწყების შესახებ განაცხადა.

მანამდე, უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა რეფერენდუმების ჩატარების მცდელობას ფარსი და ცირკი უწოდა. მან მოსახლეობას მოუწოდა, არ მიიღონ მათში მონაწილეობა.