„სიენენი“ – მოჯტაბა ხამენეიმ „ჰეზბოლასადმი“ გაგზავნილ წერილში დაჯგუფება გამძლეობისა და მედეგობისთვის შეაქო და ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია

22:27, 26.07.2026

ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯტაბა ხამენეიმ ლიბანური დაჯგუფება „ჰეზბოლასადმი“ ირანის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა წერილში, რომელიც ორგანიზაციის ლიდერს, ნაიმ ქასემს, ასევე მის მეთაურებსა და მებრძოლებს გაუგზავნა.

„სიენენის“ ინფორმაციით, მოჯტაბა ხამენეიმ წერილში „ჰეზბოლა“ გამძლეობისა და მედეგობისთვის შეაქო და დაჯგუფება ისრაელისა და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე მყოფ ძალად მოიხსენია.

გარდა ამისა, მედიის ცნობით, ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა მადლობა გადაუხადა ლიბანელ ხალხს, განსაკუთრებით კი სამხრეთ ლიბანის მოსახლეობას „ჰეზბოლას“ მხარდაჭერისთვის.

როგორც მოჯტაბა ხამენეიმ აღნიშნა, „ჰეზბოლას“ დაცვა ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთ სტრატეგიულ პოლიტიკად რჩება. მისივე თქმით, ლიბანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება და ისრაელის თავდასხმების „სრული და უპირობო“ შეწყვეტის უზრუნველყოფა ირანის მთავარი პირობები იყო კონფლიქტის დასრულების ნებისმიერი შეთანხმებისთვის.

„სიენენის“ ინფორმაციით, ხამენეიმ წერილში აშშ და ისრაელი ჩაგვრასა და უსამართლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ „ჯიჰადი და წინააღმდეგობა ერთადერთი დარჩენილი გზაა“.

ცნობისთვის, „ჰეზბოლა“ ლიბანის შიიტური პოლიტიკური პარტია და მებრძოლთა დაჯგუფებაა, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ირანის ყველაზე გავლენიანი და ძლიერი რეგიონული „პროქსის“ ფუნქციას ასრულებს.

მსგავსი