„სიენენი“ - ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოდან პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას
„სიენენი“ - ჯულიან ასანჟი ეკვადორის საელჩოდან პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას

ჯულიან ასანჟი ლონდონში მდებარე ეკვადორის საელჩოდან პირადად ხელმძღვანელობდა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ვებგვერდ „ვიკილიქსზე“ მასალების გამოქვეყნებას. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ მის მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით იუწყება.

„სიენენის“ ცნობით, ჯულიან ასანჟმა ეკვადორის საელჩო სამეთაურო ცენტრად გადააქცია, საიდანაც პირადად ხელმძღვანელობდა ინტერნეტში აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მასალების გამოქვეყნებას. ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, მას ხელში ჩაუვარდა კერძო დაცვის ესპანური კომპანიის „ანდერქავერ გლობალის“ ანგარიში, რომელიც კომპანიამ ეკვადორის მთავრობის დაკვეთით მოამზადა. ესპანური კომპანია ეკვადორის მთავრობის დაკვეთით ჯულიან ასანჟს უთვალთვალებდა და დიპლომატიური მისიის ტერიტორიაზე მის გადაადგილებას აკვირდებოდა.

როგორც ანგარიშიდან ირკვევა, ვებგვერდ „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი საელჩოში ყოფნისას ხანგრძლივ შეხვედრებს მართავდა „რუსებთან და მსოფლიო დონის ჰაკერებთან“. ტელეკომპანია აღნიშნავს, რომ ზოგიერთი შეხვედრა რამდენიმე საათსაც კი გრძელდებოდა. ამას გარდა, ჯულიან ასანჟმა ძლიერი კომპიუტერული მოწყობილობა შეიძინა მონაცემთა გაცვლის პროცესის გასამარტივებლად. „სიენენის“ ცნობით, ტექნიკის შეძენა „ვიკილიქსის“ მიერ რუსი ოპერატიული მუშაკებისგან ჰაკერული გზით მოპოვებული მასალების მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე მოხდა.

„ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ლონდონში ეკვადორის საელჩოს 2012 წელს შეაფარა თავი და იქ 2019 წლამდე ცხოვრობდა. შვიდი წლის განმავლობაში ასანჟი უზრუნველყოფილი იყო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით, სატელეფონო კავშირით, კონფიდენციალური შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახით. ამას გარდა, მას ჰქონდა უფლება, განესაზღვრა ის პირები, რომლებსაც ეკვადორის საელჩოში საბუთების წარდგენისა და უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან შემოწმების გარეშე შეეძლოთ შესვლა.

როგორც „სიენენი“ იტყობინება, საელჩოში ცხოვრების პერიოდში ასანჟი დიდი პრივილეგიებით სარგებლობდა. მას პირდაპირი კონტაქტები ჰქონდა ეკვადორის მთავრობის წარმომადგენლებთან, მათ შორის ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ რიკარდო პატინიოსთან. ის აღნიშნულ კავშირებს ხშირად იყენებდა და საელჩოს თანამშრომლებს, მათ შორის ელჩსაც სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებოდა.

შეგახსენებთ, აშშ-ში 2016 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას „ვიკილიქსმა“ დემოკრატიული პარტიის ნაციონალური კომიტეტის შიდა მიმოწერა გამოაქვეყნა, რაც ნეგატიურად აისახა დემოკრატების კანდიდატის, ჰილარი კლინტონის კამპანიაზე.