„სიენენი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უხანის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ
„სიენენი“ - აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები უხანის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ

აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები ჩინეთის უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიაში შესწავლილი ვირუსების გენეტიკურ მონაცემებს აანალიზებენ, – აღნიშნულის შესახებ „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ტელეკომპანიას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდისა და როგორ შეძლო ამერიკულმა დაზვერვამ ამ მონაცემებზე წვდომის მიღება, მაგრამ არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული უხანის ლაბორატორიაში ჩატარებულ კვლევებთან დაკავშირებული სერვერების გატეხვის შემდეგ მოხდა.

სიენენის“ ცნობით, შეერთებულ შტატებს ამჟამად აქვს ინფორმაცია უჰანის ლაბორატორიაში შესწავლილი 22 000 ვირუსის შესახებ.

„გენეტიკური ინფორმაციის მასივი მოითხოვს ფრთხილ ანალიზს, რათა რაიმე კონკრეტული დასკვნის გაკეთება გახდეს შესაძლებელი. ასეთი სამუშაო აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ლაბორატორიებში, სუპერკომპიუტერების დახმარებით ხორციელდება“, – წერს „სიენენი“.

ტელეკომპანიის ცნობით, ანალიზის პროცესი გართულებულია იმის გამო, რომ თანმხლები ჩანაწერები ჩინურ ენაზეა და ამერიკულ სპეცსამსახურებს სჭირდებათ არამხოლოდ ჩინურის მცოდნე სპეციალისტები, არამედ ამ საკითხში სანდო კონკრეტული ადამიანების მოძიება. ამ სამუშაოების დასრულების ზუსტი ვადები ჯერჯერობით დადგენილი არ არის.