„სიენენი“ – აშშ-ის 100-ზე მეტი სამხედრო მრჩეველი საუდის არაბეთში იმყოფება და ეხმარება სამხედრო კამპანიაში, რომელსაც საუდის არაბეთი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იემენში აწარმოებს
აშშ-ის 100-ზე მეტი სამხედრო მრჩეველი საუდის არაბეთში იმყოფება და სამეფოს დაზვერვისა და სამიზნეების განსაზღვრის მიმართულებით ეხმარება სამხედრო კამპანიაში, რომელსაც საუდის არაბეთი ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ იემენში აწარმოებს, – ამის შესახებ „სიენენი“ ოპერაციასთან დაკავშირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო პერსონალის საერთო რაოდენობა დაახლოებით 200 ჯარისკაცია. მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედროები მუშაობენ ახლად შექმნილი ერთობლივი ძალების სარდლობის ფარგლებში, რომელიც ბოლო კვირებში, ანუ მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც გაჩნდა ნიშნები, რომ ირანი აძლიერებდა ძალისხმევას „ჰუსიტების“ მიერ საუდის არაბეთზე განხორციელებული თავდასხმების მხარდასაჭერად.
„სიენენის“ ინფორმაციით, აშშ საუდის არაბეთს ეხმარება ისეთი სამიზნეების განსაზღვრის სისტემის გამოყენებაში, რომელიც სამხედრო ოფიცრებს საშუალებას აძლევს, რეალურ დროში დაინახონ, რა ხდება ბრძოლის ველზე. ერთ-ერთი წყაროს თქმით, აშშ საუდის არაბეთს გეოსივრცულ მხარდაჭერას უწევს „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დარტყმების განსახორციელებლად. თუმცა ირკვევა, რომ აშშ-ის მხარდაჭერას მკაცრი შეზღუდვები აქვს – აშშ საუდის არაბეთს დაზვერვის ინფორმაციას უზიარებს, მაგრამ უშუალოდ დარტყმებში არ მონაწილეობს. ასევე არ ეხმარება საუდის არაბეთს საბრძოლო თვითმფრინავების საწვავით მომარაგებაში და არ უწევს სხვა ოპერატიულ მხარდაჭერას.
აშშ-ის მხარდაჭერა ხდება იმ ფონზე, როდესაც „ჰუსიტების“ თავდასხმები და წინსვლა გაძლიერდა და არსებობს საფრთხე, რომ კონფლიქტი უფრო ფართო ომში გადაიზარდოს.
„ჰუსიტებმა“ ახლახან წითელი ზღვის სტრატეგიული მნიშვნელობის პორტი დაიკავეს, რაც მათ საშუალებას აძლევს, საფრთხე შეუქმნან მნიშვნელოვან საზღვაო მარშრუტს – ბაბ-ელ-მანდების სრუტეს. ამასთან, მათ კვირის დასაწყისში საუდის არაბეთზე რაკეტებითა და დრონებით თავდასხმები განახორციელეს.
აშშ-ის ოფიციალური პირების შეფასებით, იემენში იმყოფება „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ასობით ოფიცერი, რომლებიც „ჰუსიტებთან“ ერთად მოქმედებენ. მათი შეფასებით, ირანის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, „ჰუსიტების“ დახმარებით ჩაკეტოს ბაბ-ელ-მანდების სრუტე, რომელიც წითელ ზღვას ინდოეთის ოკეანესთან აკავშირებს.
აშშ-ის ოფიციალური პირები ასევე აცხადებენ, რომ ირანს კავშირი აქვს საუდის არაბეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „ჰუსიტების“ ბოლო თავდასხმებთან.