„სიბიეს ნიუსი“ - რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა
„სიბიეს ნიუსი“ - რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა

რუსეთმა უკრაინის საზღვართან განლაგებული გრძელ მანძილზე მოქმედი არტილერია და სარაკეტო სისტემები საცეცხლე პოზიციაზე გადაიყვანა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სიბიეს ნიუსი“ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაყოფების ნაწილმა შეკრების ზონა დატოვა და საცეცხლე პოზიციებისკენ გადაადგილდება.

როგორც აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელმა მედიასაშუალებას განუცხადა, აშშ-ის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ რუსეთი უკრაინას მიმდინარე კვირის ბოლოსთვის დაესხმება თავს, თუმცა ჯერ გაურკვეველია, რა ფორმით.

აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ამჟამად რუსეთს ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დასაწყებად საჭირო ძალების 80 პროცენტი ჰყავს მობილიზებული, დანარჩენი დანაყოფები კი გზაშია. დასავლეთის მონაცემებით, უკრაინის საზღვრების გასწვრივ, რუსეთსა და ბელარუსში რუსეთს 100 000-ზე მეტი სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

შეგახსენებთ, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კვირას განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეუძლია, პრაქტიკულად ნებისმიერ დროს გასცეს უკრაინაში შეჭრის განკარგულება. სალივანი არ გამორიცხავს, რომ ინტერვენციის გასამართლებლად რუსეთის სპეცსამსახურებმა შესაძლოა, განახორციელონ თავდასხმა აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულ ძალებზე ან რუსეთის მოქალაქეებზე, რათა ამაში უკრაინის ხელისუფლება დაადანაშაულონ.

თავის მხრივ, რუსეთის ხელისუფლება უკრაინაში შეჭრის გეგმას კვლავ კატეგორიულად უარყოფს.