„სიბიეს ნიუსი“ – ირანთან მოლაპარაკებების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ საუბარია მხოლოდ უკვე მიმდინარე პროცესის გაგრძელებაზე და არა რამე სიახლეზე
ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყების შესახებ დონალდ ტრამპის განცხადების მიუხედავად, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიბიეს ნიუსს“ განუცხადეს, რომ საუბარია მხოლოდ უკვე მიმდინარე პროცესის გაგრძელებაზე და არა რამე სიახლეზე.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს მიმდინარე კომუნიკაციის გაგრძელებაა, რომელსაც აშშ-ის მომლაპარაკებელი გუნდი შუამავლების მეშვეობით აწარმოებს ირანის მხარესთან, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ხელმძღვანელობით.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ისმაილ ბაღაიმ განაცხადა, რომ თეირანი არ გეგმავს ვაშინგტონთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას.
„გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, დავაზუსტოთ, რაზეა მიმდინარე მოლაპარაკებები და ვისთან მიმდინარეობს ისინი. ამჟამად შეერთებულ შტატებთან არანაირ მოლაპარაკებას არ ვაწარმოებთ“, – განაცხადა ბაღაიმ.
მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ირანთან მოლაპარაკებები დღეს განახლდებოდა.