შვიდი ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლო განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა

17:55, 30.03.2021

შვიდი ნოემბრის აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე სასამართლო განხილვა მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებები წარადგინა. საქმის ტომებში არსებულ დოკუმენტებს შორის იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2007 წელს მიღებული გადაწყვეტილებები „ტელეიმედის“ გაფრთხილების თაობაზე, ასევე სამაუწყებლო კომპანია „ტელეიმედის“ ლიცენზიის შეჩერების თაობაზე.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე წარდგენილი იყო დათვალიერების ოქმები და დოკუმენტი ყოფილი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ფიზიკური დაზიანების თაობაზე. ასევე, გამომძიებლების მიერ ექსპერტიზის ბიუროში გაგზავნილი დოკუმენტები, თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდათ აქციის მონაწილეებსა და დაზარალებულად ცნობის თაობაზე დადგენილებები.

„ე.წ. 7 ნოემბრის, იგივე „ტელეიმედის“ საქმეზე ბრალდების მხარე ფაქტობრივად ფინალურ ეტაპზეა, მტკიცებულებათა გამოკვლევაზე. ახლო მომავალში ვფიქრობთ, რომ ამ კომპლექსურ საქმეზე დავასრულებთ მტკიცებულებათა გამოკვლევას. წარდგენილი გვაქვს უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულებები და ვფიქრობთ, დადასტურდება ბრალდებულთა ქმედებები. შემდეგ უკვე ველოდებით, დაცვის მხარე როდესაც გამოიკვლევს მის წილად მტკიცებულებებს, დაველოდებით საბოლოოდ სასამართლოს გადაწყვეტილებას.

ეს საქმე იყო საკმაოდ კომპლექსური და მრავალეპიზოდიანი და ამიტომაც, ვერ ხდება მოკლე დროში ასეთი კატეგორიის საქმეების დასრულება და გრძელდება განხილვა. საქმეშია ათეულობით დაზარალებული და ჩვენ მიერ უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულებები იქნა წარდგენილი, მათ შორის გამოკვლეული ძირითადი ნაწილი და ვფიქრობთ, დადასტურდება ბრალდებულთა ქმედებები“, – აცხადებს პროკურორი ჯარჯი წიკლაური.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ პატიმრობა მოსამართლემ ძალაში დატოვა.

შვიდ ნოემბერს აქციის დარბევისა და „ტელეიმედში“ შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

დღევანდელი სხდომა ნახევრად დისტანციურ რეჟიმში წარიმართა. ადვოკატები პროცესზე არ იმყოფებოდნენ. სხდომას არ ესწრებოდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა. სასამართლო სხდომა 21 აპრილს, 13:00 საათზე გაგრძელდება.

მსგავსი