შვიდი ფაქტი ლიონელ მესის რეკორდის გარშემო  #1TVSPORT
შვიდი ფაქტი ლიონელ მესის რეკორდის გარშემო  #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში არგენტინამ ლიონელ მესის დუბლით 2:0 დაამარცხა ავსტრია. 38 წლის ლეგენდამ მე-17 და მე-18 გოლები გაიტანა, გაუსწრო გერმანიის ნაკრების ყოფილ ფორვარდს მიროსლავ კლოზეს და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

შვიდი ფაქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ლიონელ მესის სიდიადეს:

1. მესიმ 28-ე მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც ტურნირის რეკორდია. ამ რეიტინგში მეორე ადგილზეა ლოთარ მათეუსი (25 მატჩი), მესამეზე – მიროსლავ კლოზე (24).

2. 38 წლის არგენტინელი პირველი ფეხბურთელია ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატების 10 მატჩში გახსნა ანგარიში.

3. მესიმ გაიმეორა მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდი ზედიზედ ჩატარებული შედეგიანი მატჩების რაოდენობით. მან ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი. არგენტინელმა წინა ჩემპიონატის პლეი ოფის ოთხ მატჩში გაიტანა – ავსტრალიის, ნიდერლანდების, ხორვატიისა და საფრანგეთის კარში და ეს სერია გააგრძელა ამ ჩემპიონატზე ალჟირთან და ავსტრიასთან მატჩებში.

4. მესის ეკუთვნის არგენტინის ნაკრების ბოლო ექვსი გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამ სერიაშია გოლი წინა ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან, ჰეთ-თრიკი ალჟირთან ამ ჩემპიონატის სტარტზე და დუბლი ავსტრიასთან. მანამდე საკუთარ ნაკრებებში ზედიზედ ექვსი გოლი გატანილი ჰქონდათ: ეუსებიოს (პორტუგალია, 1966), პაოლო როსისა (იტალია, 1982) და ენერ ვალენსიას (ეკვადორი, 2014-22).

5. მსოფლიო ჩემპიონატზე 18-დან 12 გოლი მესიმ 35 წლის შემდეგ გაიტანა. ამ ასაკის ზემოთ არავის აქვს გატანილი ხუთ გოლზე მეტი: 5 გოლი ჰქონდა კამერუნელ როჟე მილას, ოთხი – ფრანგ ოლივიე ჟირუს.

6. მესი ავსტრიასთან მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ეს მისი მე-12 პრიზია – ამ მაჩვენებლით ის საუკეთესოა ტურნირის ისტორიაში.

7. არის ერთი უსიამოვნო ანტირეკორდი. მესი პირველი ფეხბურთელი გახდა მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში სამი გამოუყენებელი პენალტით (მატჩის შემდგომი 11-მეტრიანების გაუთვალისწინებლად). ადრე მან ვერ გაიტანა პენალტი ისლანდიასთან (2018) და პოლონეთთან (2022) და ანტირეკორდს იყოფდა ასამოა გიანთან (განა).