შვიდი ახალწვეული „მერანისთვის“ - მარტვილელებმა ექვსი წყალტუბოელი გადაიბირეს
შვიდი ახალწვეული „მერანისთვის“ - მარტვილელებმა ექვსი წყალტუბოელი გადაიბირეს

მარტვილის „მერანი“ ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა – გუნდის ოფიციალური გვერდის ცნობით, მარტვილელებს შვიდი ახალწვეული ჰყავთ, მათგან ექვსი – წყალტუბოს „სამგურალში“ გამოდიოდა.

კიდევ ერთი ახალწვეული კი ვანის „სულორის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამირან როხვაძე გახლავთ. როხვაძემ საფეხბურთო კარიერა ძირითადად „სულორში“ გაატარა და საუკეთესო სეზონი 2015-2016 წლებში ჰქონდა, როცა 21 გოლი გაიტანა.

„მერანში“ 27 წლის ანდრე ნონოსიც ითამაშებს – კამერუნელი მეკარე, რომელმაც გასული სეზონი წყალტუბოს „სამგურალში“ შესანიშნავად ჩაატარა და ეროვნული ლიგა 2-ის მეოთხე წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ნონოსმა საფეხბურთო კარიერა საქართველოში, „სქურში“ დაიწყო და სხვადასხვა დროს თამაშობდა „ნორჩი დინამოში“, „სასკოში“, თსუ-ში, „მეშახტესა“ და „სამგურალში“.

„სამგურალის“ კიდევ ერთი ფეხბურთელი, გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, ბექა ბიბილაშვილი იასპარეზებს „მერანში“.

25 წლის მცველი, უშანგი ბანძელაძე, რომელსაც ნახევარდაცვაშიც შეუძლია თამაში, უკვე მარტვილის „მერანის“ ფეხბურთელია. ბანძელაძე ჯერ წყალტუბოს „სამგურალში“, შემდეგ ქუთაისის „ტორპედოში“, ბოლოს კი ისევ „სამგურალის“ რიგებში გამოდიოდა.

„მერანს“ დაუბრუნდა 22 წლის ნახევარმცველი ზაურ გოგუაძე. რომელიც 2014-2015 წლებში ქუთაისის „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა. 2016 წელს კი მარტვილის „მერანში“ გამოდიოდა იჯარის წესით, შემდეგ ისევ ქუთაისურ გუნდს დაუბრუნდა. 2017 წელს ლანჩხუთის „გურიაში“ ასპარეზობდა, გასული სეზონი კი წყალტუბოს „სამგურალში“ გაატარა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც „მერანში“ ადრე უთამაშია, გამოცდილი, ტანმაღალი ფორვარდი – გაგა ჩხეტიანია. ჩხეტიანმა 2011-2012 წლები ისრაელში იასპარეზა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ კი გამოდიოდა „ჩიხურაში“, მარტვილის „მერანში“, ვანის „სულორსა“ და წყალტუბოს „სამგურალში“.

მორიგი ახალწვეული ბაქარ ლაღიძეა, რომელმაც კარიერა
2012-2013 წლებში ქუთაისის „ტორპედოში“ დაიწყო. 23 წლის ნახევარმცველმა ასევე ითამაშა ქობულეთის „შუქურაში“ და წყალტუბოს „სამგურალში“.

„მერანის“ პრეს-სამსახურის ცნობით, გუნდის ჩამოყალიბების პროცესია და უახლოეს დღეებში სხვა ახალწვეულთა ვინაობასაც დაასახელებენ. ასევე იმ ფეხბურთელების სიასაც, რომლებიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვებენ „მერანს“ და ახალი სეზონიდან კარიერას სხვა გუნდებში გააგრძელებენ.