შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში ანტირასისტული აქციები გაიმართა
შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში ანტირასისტული აქციები გაიმართა

შვეიცარიის რამდენიმე ქალაქში ანტირასისტული აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა გააპროტესტეს. ციურიხში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის ყველაზე დიდ ქალაქში, ციურიხში აქციას 10 000 ადამიანი დაესწრო. მათი უმეტესობა შავებში იყო ჩაცმული და ანტირასისტულ ლოზუნგებს სკანდირებდა. აქცია თავდაპირველად მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით, რადიკალი მემარცხენეების დაჯგუფების წევრებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. დაშავდა ერთი სამართალდამცველი, პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

„კოვიდ-19“ ის გავრცელების პრევენციის მიზნით შვეიცარიაში შეზღუდვებია დაწესებული და 300-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია.