შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელს, ბრილ ემბოლოს აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა #1TVSPORT
შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელს, ბრილ ემბოლოს აშშ-ში შესვლაზე უარი ეთქვა #1TVSPORT

შვეიცარიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელს, ბრილ ემბოლოს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე უარი ეთქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

29 წლის ფეხბურთელი რეისიდან იმ მიზეზით ჩამოხსნეს, რომ მოგზაურობის ავტორიზაციის ამერიკულმა ელექტრონულმა სისტემამ (ESTA) მისი სტატუსი დამატებითი შემოწმების რეჟიმში გადაიყვანა. ამის გამო შვეიცარიის ნაკრებს ლოს ანჯელესში გამგზავრება ფორვარდის გარეშე მოუწია.

როგორც ირკვევა, ამ შეფერხების მიზეზი ემბოლოს ნასამართლობაა. კერძოდ, 2018 წლის მაისში, ბაზელის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტისას ის უცნობ პირებს დაემუქრა, მისმა მეგობარმა კი კონფლიქტის ერთ-ერთ მონაწილეს ცხვირი გაუტეხა. აღნიშნული ქმედების გამო სასამართლომ ფეხბურთელს ჯარიმის სახით 135 000 ფრანკის გადახდა დააკისრა, რაც მიმდინარე წლის აპრილში, სააპელაციო საჩივრის არდაკმაყოფილების შემდეგ, ოფიციალურად შევიდა ძალაში. შექმნილი ვითარების მოსაგვარებლად შვეიცარიის საფეხბურთო ფედერაცია ამჟამად აშშ-ის მთავრობასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ემბოლო ფრანგული „რენის“ ღირსებას იცავს. მას შვეიცარიის ნაკრებში 86 შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და 24 გოლი გაიტანა. ემბოლომ 2018 და 2022 წლების მუნდიალზე ითამაშა.

შვეიცარიელები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 13 ივნისს კატარის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.