შვეიცარია ქმნის კვლევით ცენტრს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, რათა პროგრესით სარგებლობა არა მხოლოდ მდიდარმა სახელმწიფოებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ შეძლოს
შვეიცარია ქმნის კვლევით ცენტრს, რომელიც მონიტორინგს გაუწევს, რათა პროგრესით სარგებლობა არა მხოლოდ მდიდარმა სახელმწიფოებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ შეძლოს

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრის, იგნასიო კასისის განცხადებით, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თაობაზე „ახალი ცივი ომის“ საფრთხე არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ისინი სპეციალურ კვლევით ცენტრს ქმნიან. ცენტრი მონიტორინგს გაუწევს სამომავლო მიღწევებსა და განვითარებას, რათა პროგრესით სარგებლობა არა მხოლოდ მდიდარმა სახელმწიფოებმა, არამედ მთელმა მსოფლიომ შეძლოს. ინფორმაციას „ესოშიეტიდ პრესი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ შვეიცარიელმა დიპლომატმა სამიტზე სახელწოდებით – Geneva Science and Diplomacy Anticipator-ზე (GESDA) განაცხადა. ეს შვეიცარიის მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პროექტია და სახელისუფლო პოლიტიკისა და მეცნიერების დაკავშირებას ისახავს მიზნად.

„სულ უფრო და უფრო იზრდება აზრი, რომ „ახალი ცივი ომი“ დაიწყება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გამო და მას ის ქვეყნები დაიწყებენ, რომლებიც აღნიშნულს ფლობენ. GESDA, რომელიც ასობით მეცნიერსა და პოლიტიკოსს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან, იქნება „პატიოსანი ბროკერი“, რომელიც მეცნიერების სარგებელს თანაბრად გაავრცელებს მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში“, – აღნიშნა კასისმა.