შვედური გამოცემა – საბა მამაცაშვილი „სირიუსის“ ფანების ფავორიტი გახდა #1TVSPORT
შვედური გამოცემა – საბა მამაცაშვილი „სირიუსის“ ფანების ფავორიტი გახდა #1TVSPORT

საბა მამაცაშვილმა შვედეთის ალსვენსკანში (ჩემპიონატში) მეორე გოლი გაიტანა და „მალმიოს“ შემდეგ „სირიუსს“ ქულა „ჰალმშტადთან“ ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაშიც მოუტანა. შედეგად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი გუნდის გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, „სირიუსის“ პრესსამსახურმა კი ინტერვიუ ჩამოართვა.

„ამ ეტაპზე „სირიუსს“ და მის მხარდამჭერებს დიდი სიხარულის საფუძველი არ აქვთ — ექვს ტურში გუნდმა მხოლოდ ერთხელ მოიგო. თუმცა არის გამონაკლისი, საბა მამაცაშვილმა „მალმიოსთან“ კუთხურიდან ჩაახვია, „ჰალმშტადთან“ კი ბრწყინვალე გოლი გაიტანა — ქართველი მცველი „სირიუსის“ ფანების ფავორიტი ხდება.

„ჰალმშტადთან“ საშინაო მატჩის 1:1 დასრულების შემდეგ გულშემატკივრებმა ფეხბურთელებს ობსტრუქცია მოუწყვეს. თუმცა ერთ-ერთი, ვინც მოწონების შეძახილები და მადლიერი აპლოდისმენტები დაიმსახურა, საბა მამაცაშვილი იყო. ქართველი მარცხენა მცველი კლუბს გასულ სეზონში შეუერთდა, თუმცა სწორედ წელს შეძლო ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და დაამტკიცა, რომ შეტევებში ძალიან სახიფათო მოთამაშეა. „ჰალმშტადთან“ მას გულშემატკივრებმა მატჩის საუკეთესო მოთამაშის წოდება მიანიჭეს.

„რთული თამაში იყო, მაგრამ ვფიქრობ, არ გაგვიმართლა. ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ ვერ მოვიგეთ. საკუთარ თავზე საუბარი არ მიყვარს, თუმცა საკმაოდ კარგი ტექნიკა მაქვს და ვფიქრობ, ეს უნარი საჯარიმოში უნდა გამოვიყენო. მიხარია, რომ გავიტანე. ვარჯიშებზე ბევრს ვმუშაობ, რომ უკეთესი გავხდე. პეტერ ჰანსონი (მწვრთნელის თანაშემწე) დაცვაში თამაშის გაუმჯობესებაში მეხმარება. წინსვლას ვგრძნობ და ეს შესანიშნავი გრძნობაა. საერთოდ, მომწონს „სირიუსის“ სტადიონი და გულშემატკივრების შექმნილი ატმოსფერო“, – ამბობს მამაცაშვილი.

ორი გოლით ახლა საბა მამაცაშვილი ალსვენსკანში „სირიუსის“ საუკეთესო ბომბარდირია. შვედური რეგიონული ინტერნეტ-გამოცემა UNT აღნიშნავს, რომ ქართველი მოთამაშე გულშემატკივრების ფავორიტი გახდა — აღნიშნულია „სირიუსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე.