შვედური გამოცემა - „გიოტებორგი“ იძლებულია, ხარაიშვილი გაყიდოს
შვედური გამოცემა - „გიოტებორგი“ იძლებულია, ხარაიშვილი გაყიდოს

შვედური საფეხბურთო კლუბი „გიოტებორგი“ იძულებულია, ფინანსური პრობლემების გამო ორი წამყვანი მოთამაშე გაყიდოს, მათ შორის საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი. ამ ინფორმაციას შვედური გამოცემა „ექსპრესენი“ ავრცელებს.

წერილში „იძულებული მოქმედება – „გიოტებორგს“ წამყვანი ვარსკვლავების გაყიდვა სურს“, 23 წლის ქართველი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერზე საინტერესო დეტალებს ვიგებთ.

„კორონავირუსმა „გიოტებორგზე“ ძალიან ცუდი ზემოქმედება მოახდინა. ბოლო ცნობების თანახმად, ახლა კლუბს სურს გაყიდოს 23 წლის ქართველი ვარსკვლავი გიორგი ხარაიშვილი და ნიგერიელი სუპერტალანტი, 19 წლის ალჰასან იუსუფი. მრავალი წლის განმავლობაში, „გიოტებორგი“ დამოკიდებული იყო მოთამაშის გაყიდვებზე, რათა ბიუჯეტში ბალანსი შეენარჩუნებინა. ამ ნაბიჯის გადადგმა მას შემდეგ გადაწყდა, რაც კლუბს კრიზისი აშკარად შეეხო“ – წერს გამოცემა.

„ექსპრესენმა“ ქართველი მოთამაშის ტრავმა ახსენა: „მიმდინარე სეზონში ხარაიშვილი ჯერ ვერ თამაშობს, რადგან ჯერ კიდევ ტრავმირებულია. მაგრამ საქართველოს ნაკრების 23 წლის მოთამაშეს ახლახანს გამოცემა GT- ს რეპორტიორმა ჰკითხა, მზად იყო თუ არა თამაშისთვის და მან უყოყმანოდ უპასუხა, რომ მოედანზე გასვლა შეუძლია. ხარაიშვილი მალე მომჯობინდება, ის „გიოტებორგში“ 2018 წლის თებერვალში დაიმატეს, გუნდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა და მთავარი მწვრთნელი პოია ასბაგი მას ყოველთვის სიამოვნებით ათამაშებს“.

შვედურმა გამოცემამ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებიც დაასახელა: „ხარაიშვილისა და ალჰასანის ტრანსფერები ალბათ მხოლოდ დროის საკითხია – ტრანსფერი ზაფხულში იგეგმება. მაგრამ ფასები მიმდინარე დიდი კრიზისის გამო დაეცა. ამის გამო, ალჰასან იუსუფის სატრანსფერო ფასი ამჟამად დაახლოებით 20 მილიონი შვედური კრონაა (2,145 მლნ დოლარი), ხოლო გიორგი ხარაიშვილის – დაახლოებით 10 მილიონი (1,073 მლნ დოლარი). თუმცა, იუსუფის ტრანსფერი პრობლემურია, რადგან ნიგერიის მოქალაქეებს ევროკავშირში გადაადგილება შეზღუდული აქვთ“.

გიორგი ხარაიშვილმა შარშან ალსვენსკანში გამართულ 28 მატჩში შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. მას „გიოტებორგთან“ კონტრაქტი 2022 წლის 31 ივლისამდე აკავშირებს.