შვედეთის პრემიერი მოსახლეობას მიმართავს - ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურთ და რაც არ არის აუცილებელი, გააუქმეთ, გადაიტანეთ, გადადეთ
შვედეთის პრემიერი მოსახლეობას მიმართავს - ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურთ და რაც არ არის აუცილებელი, გააუქმეთ, გადაიტანეთ, გადადეთ

შვედეთის პრემიერ-მინისტრი სტეფან ლევენი ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად მოქალაქეებს სოლიდარობისა და ერთიანობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მან მოსახლეობისადმი მიმართვაში ისაუბრა.

სტეფან ლევენმა აღნიშნა, რომ შვედეთის მოსახლეობა ზედმიწევნით არ იცავდა კორონავირუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომაზე.

„შემოდგომაზე ასევე ბევრი არ იცავდა რეკომენდაციებს ისე, როგორც საჭიროა, თუმცა ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანები იღებენ პასუხისმგებლობას, შემცირდა მიმოსვლა, გაიზარდა სახლიდან დისტანციურად მუშაობა. ასე გააგრძელეთ. თუმცა, ყველამ უნდა გააკეთოს მეტი. ეს დამოკიდებულია თქვენზე და ჩემზე“, – განაცხადა შვედეთის პრემიერ-მინისტრმა.

შვედეთის ლიდერმა მოუწოდა მოქალაქეებს, გააუქმონ და გადადონ ყველა გეგმა, რომელიც სასიცოცხლო მნიშვნელობის არ არის.

„ყველაფერი, რისი გაკეთებაც გსურთ და რაც არ არის აუცილებელი – გააუქმეთ, გადაიტანეთ, გადადეთ. დრო დაგვჭირდება, ვიდრე ამას გავივლით. მანამდე ეს არის ახალი ნორმა მთელი საზოგადოებისთვის, მთელი შვედეთისთვის. ერთ დღეს, როდესაც ეს კრიზისი დასრულდება, ჩვენ ყველას უნდა შეგვეძლოს იმის გახსენება, თუ როგორ დავეხმარეთ ერთმანეთს. გავიხსენოთ სოლიდარობა, ერთიანობის შეგრძნება და სწორი საქმის კეთების გრძნობა. გავიხსენოთ, როგორ შევძელით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება ჩვენს ქვეყანაში, თუმცა მანამდე ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ერთიანობა და პასუხისმგებლობის გრძნობა და ეს უფრო ძლიერია, ვიდრე ვირუსი, რომელიც უნდა დავამარცხოთ. მოდით, ერთად გავაკეთოთ ეს ​შვედეთისთვის“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სპეციალური მიმართვისას.

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლის ზრდის გამო გასულ კვირას შვედეთის მთავრობამ საზოგადოებრივი შეკრებები შეზღუდა.