შვედეთის მთავრობა - ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს
შვედეთის მთავრობა - ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს

ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს, – ამის შესახებ შვედეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც შვედეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შვედეთის მთავრობამ ქვეყნის სპეციალურ გამომძიებელს დაავალა წესების შემუშავება, რომლებიც აკრძალავს ან შეუზღუდავს უცხოურ დაფინანსებას რელიგიურ საზოგადოებებს ან სხვა საქმიანობებს, რომლებიც დაკავშირებულია ისლამიზმთან, ექსტრემიზმსა და სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან.

როგორც ცნობილია, გამომძიებელს ევალება, შეისწავლოს და გააანალიზოს რელიგიური საზოგადოებების და სხვა საქმიანობების უცხოური დაფინანსების შემთხვევები და მიზნები. ასევე, გამომძიებელმა უნდა გადაწყვიტოს, იყოს თუ არა აკრძალული, შეზღუდული ან განსაკუთრებული რეგულირების ქვეშ მოქცეული მსგავსი უცხოური დაფინანსება, რომელსაც ექსტრემისტული და სხვა ანტიდემოკრატიული მიზნები აქვს.

ბოლოს კი, უნდა შეიმუშაოს საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც კრძალავს ასეთ უცხოურ დაფინანსებას და წარადგინოს საჭირო კონსტიტუციური წინადადებები.

„ყველას უნდა შეეძლოს უსაფრთხოდ და თავისუფლად გადაადგილება, შეკრებებში მონაწილეობა და აზრის გამოხატვა, შიშის გარეშე, რომ ძალადობას ან სხვა სახის ზეწოლას არ დაექვემდებარებიან“, – აღნიშნულია მთავრობის განცხადებაში.

ასევე, შვედეთის მთავრობა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუღებელია, უცხოელი აქტორები აფინანსებდნენ ისეთ საქმიანობას, რომელიც დემოკრატიისა და მისი ინსტიტუტების ძირის გამოთხრის მიზნით ექსტრემისტული და ანტიდემოკრატიული გარემოს გაძლიერების რისკს ქმნის.