„შუქურას“ ფან-კლუბმა გუნდის ყოფილ მწვრთნელს მიმართა - გთხოვთ, მენეჯმენტთან ისე შეთანხმდით, რომ თქვენი ინტერესიც დაიცვათ და გუნდიც არ დაზარალდეს #1TVSPORT
„შუქურას“ ფან-კლუბმა გუნდის ყოფილ მწვრთნელს მიმართა - გთხოვთ, მენეჯმენტთან ისე შეთანხმდით, რომ თქვენი ინტერესიც დაიცვათ და გუნდიც არ დაზარალდეს #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ ფან-კლუბმა გუნდის ყოფილ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს მიმართა. გულშემატკივრების თხოვნაა, რომ კლუბის მენეჯმენტთან შეთანხმებით, არც მწვრთნელი დაზარალდეს და არც – გუნდი.

„ბატონო რეზო, ჯერ ხაზი უნდა გავუსვათ წვლილს, რომელიც თქვენს სამწვრთნელო შტაბთან ერთად შეიტანეთ ქობულეთის „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაში. ისიც ვიცით, რომ „შუქურადან“ თქვენი ინიციატივით არ წასულხართ და ამის გამო ჩვენი კლუბის წინააღმდეგ ფეხბურთის ფედერაციას საჩივრით მიმართეთ, სადაც დარჩენილი დავალიანების გარდა, 2023 წლის ხელფასის სრული მოცულობით გადახდას ითხოვთ – მოთხოვნილი კომპენსაციის თანხა 300 ათას ლარზე მეტს შეადგენს.

სადისციპლინო კომიტეტმა თქვენი სარჩელის იურიდიული დასაბუთებულობა აღიარა და „შუქურას“ ამ კომპენსაციის გადახდა დააკისრა. იმ შემთხვევაში, თუ კლუბი კომპენსაციას არ ან ვერ გადაიხდის, გუნდი ეროვნულ ლიგიდან მეოთხე ლიგაში დაქვეითდება. დღეს „შუქურას“ ძალზე არასახარბიელო ფინანსური ვითარება აქვს და დიდია ალბათობა, რომ კლუბმა ასეთი დიდი კომპენსაციის გადახდა ვერ შეძლოს.

ჩვენ ვართ მომხრე, რომ თქვენ, თქვენს შტაბსა და ფეხბურთელებს აგინაზღაურდეთ დავალიანებები, ასევე მიიღოთ კომპენსაცია, მაგრამ ქართულ ფეხბურთში არცერთ კლუბს არ ულხინს. საკითხის ასე გადაწყვეტით, კლუბი ვერ შეძლებს ვალდებულებების გასტუმრებას და, შეიძლება, ეროვნული ლიგიდან მოიხსნას.

ამ შედეგით, დარწმუნებულები ვართ, თქვენ კმაყოფილი არ დარჩებით. გამოვა, რომ რევაზ გოცირიძემ თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდი უმაღლეს ლიგაში დააბრუნა და მეორეს მხრივ, მისივე საჩივრის საფუძველზე, ეს შრომა წყალში ჩაიყარა და გუნდი მე-4 ლიგაში დაქვეითდა, ანუ მიიღო გაცილებით უარესი პოზიცია, ვიდრე გუნდში თქვენს მოსვლამდე.

ბატონო რეზო, ამჟამად თქვენს შტაბთან ერთად უკვე თბილისის „ლოკომოტივში“ მუშაობთ და გისურვებთ, რომ ეს გუნდიც ეროვნულ ლიგაში დააბრუნოთ. აქვე უმორჩილესი თხოვნით მოგმართავთ, რომ გაითვალისწინოთ ყოველივე ზემოთქმული, დაიწყოთ მოლაპარაკება „შუქურას“ მენეჯმენტთან და მიხვიდეთ ისეთ შეთანხმებამდე, რაც თქვენ ინტერესებსაც სამართლიანობის ფარგლებში დაიცავს და „შუქურასაც“ არ დააზარალებს ისეთ დონემდე, რომ ჩვენი კლუბი ლიგა 4 -ში აღმოჩნდეს.

თქვენი გულისხმიერების იმედი გვაქვს და დარწმუნებულნი ვართ, რომ „შუქურასთან“ დაკავშირებული მოგონებები კომპრომისულ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ. კიდევ ერთხელ და საბოლოოდ გთხოვთ, ქობულეთელ გულშემატკივრებს თქვენი გადაწყვეტილებით ნუ დაგვიკარგავთ საყვარელ გუნდს და ნუ წაგვართმევთ ემოციებს“, – წერია „ვიკინგების“ მიმართვაში.