„შუქურას“ ფან-კლუბის ინფორმაციას კლუბის მეპატრონე არ ადასტურებს - გუნდის დაშლაზე გავრცელებულ განცხადებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია #1TVSPORT
„შუქურას“ ფან-კლუბის ინფორმაციას კლუბის მეპატრონე არ ადასტურებს - გუნდის დაშლაზე გავრცელებულ განცხადებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურას“ გულშემატკივართა კლუბმა „ვიკინგებმა“ განცხადებები გაავრცელა, თითქოს, კლუბი დაიშალა, რაც კლუბის მეპატრონე კომპანიის წარმომადგენლებმა კატეგორიულად უარყვეს.

სოციალურ ქსელში საფეხბურთო კლუბის მხარდამჭერთა გვერდი ამტკიცებს, რომ ეროვნულ ლიგა 2-ის ლიდერ გუნდში მძიმე ფინანსური მდგომარეობა და ამის გამო გუნდი, ფაქტობრივად დაიშალა.

ფან-კლუბი – გუნდის ბედი სასწორზეა:

„გადაწყვეტილია, რომ 18 სექტემბერს „სამტრედიასთან “ ძალიან მნიშვნელოვან მატჩს „შუქურას“ დუბლშემადგენლობა ითამაშებს. მიატოვეს გუნდი ამ მომენტში. სამტრედიაში ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ, რომ ყველამ დაინახოს – ამ გუნდის დაშლა შეცდომაა. ყველამ უნდა ნახოს, რომ ეს გუნდი და ფანები ძლიერები ვართ და ყველას მაგალითი უნდა ვაჩვენოთ! ქობულეთელებო, გუნდის ბედი სასწორზეა. არ დაიზაროთ სამტრედიაში წამოსვლა ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ და ამ გუნდის გადასარჩენად ვიბრძოლოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია ჩვენ უკვე ეს თემა მთელ საქართველოს მაშტაბით გავავრცელეთ – ჯერი ჩვენზეა! გადადეთ საათები, გადადეთ ერთი დღე და სამტრედიაში წამოდით – გუნდს ასეთ დროს ვჭირდებით! ძალა ერთობაშია!

შეხედეთ ამ ბიჭებს და უბრალოდ შეგრცხვეთ, ამას რომ ვწერთ! ხელმძღვანელობას თუ თავი არ გაქვთ, რომ ეს მაგარი გუნდი ბოლომდე მიიყვანოთ, მაშინ რატომ მოხვედით. თქვენმა დაპირებებმა ბიჭებიც შეაწუხა, რომლებიც არ იმსახურებს იმას, რასაც ხელმძღვანელობა აკეთებს – ბიჭები უხელფასოდ თამაშობენ, ვარჯიშის სურვილიც აღარ აქვთ. პრობლემები თუ გაგრძელდა, კიდევ ერთი მაგარი გუნდი დაიშლება. იმედია, ქალაქში ვინმე გამოჩნდება ისეთი, ვინც ამ პრობლემას მოაგვარებს!

ჯერი ქალაქზე, ქობულეთლებზე და ყველა იმ ხალხზეა, ვისაც გული შესტკივა. ეს ყველაფერი იმ ხალხსაც ეხება, ვისი ბავშვებიც ასაკობრივ გუნდებში ვარჯიშობს! მშობლებო, თქვენც უნდა მოხვიდეთ, თქვენი შვილებიც პრობლემის წინაშეა, თაობა დაიკარგება. მთელი ქობულეთი უნდა გავერთიანდეთ და ეს გუნდი გადავარჩინოთ!“, – წერია ქობულეთის „შუქურას“ გუშემატკივართა კლუბს „ვიკინგების“ მიერ  გავრცელებულ ცნობაში.

ამასთან დაკავშირებით, ქობულეთის „შუქურას“ მეპატრონემ, კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

კლუბის მეპატრონე კრიზისს უარყოფს:

„ქობულეთის „შუქურასთან“ დაკავშირებით, მედიაში გულშემატკივართა ერთი ჯგუფის სახელით გავრცელდა განცხადება ვითომდა ქობულეთის „შუქურას“ დაშლასთან დაკავშირებით. ოფიციალურად ვაცხადებთ, რომ ასეთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია და მიზნად ისახავს ერთის მხრივ ჩვენი წარმატებული და ლიდერი კლუბის, ხოლო მეორეს მხრივ, „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” დისკრედიტაციას. გარკვეული სუბიექტური და ობიექტური ტექნიკური მიზეზების გამო, კლუბის ხელფასების გაცემაში მართლაც შეიქმნა დროებითი ხარვეზები, რაც უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება და მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა.

კომპანიის ხელმძღვანელობა ქობულეთში გამართავს შეხვედრებს ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობასთან, სადაც კომპანია წარმოადგენს „შუქურას“ დავალიანების დაფარვის და შემდგომი განვითარების გეგმას. კლუბი არის ლიდერი ლიგა 2-ში, გავიდა საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალში და ყველა ფრონტზე დიდი წარმატებით აგრძელებს მუშაობას, რასაც „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ მაქსიმალურად ხელს შეუწყობს. ჩვენი მხრიდან, მედიის მიმართ უმორჩილესი თხოვნა იქნება, რომ მსგავსი არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან შემდგომში თავი შევიკავოთ“, – წერია კომპანია „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

„შუქურა“ 18 ტურის შემდეგ 38 ქულით ეროვნული ლიგა 2-ის უპირობო ლიდერია და სეზონის დასრულებამდე 10 ტურით ადრე მეორე ადგილზე მყოფ თბილისის „სპაერს“ 6 ქულით ასწრებს.

ამავე დროს, „შუქურამ“ დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასზე „ლოკომოტივი“ 2:0 დაამარცხა და გათამაშების 1/4 ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.