„შუქურამ“ „სამგურალთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT
„შუქურამ“ „სამგურალთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა #1TVSPORT

ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგის ერთ-ერთ ლიდერს, წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლა და გამარჯვება ხელიდან გაუშვა – 2:2.

XX ტურის შეხვედრაში, რომელიც „ილია კოკაია არენაზე“ გაიმართა, ქობულეთელებმა პირველ ტაიმში მესამეადგილოსან „სამგურალს“ დიდი პრობლემები შეუქმნეს და 2:0 დაწინაურდნენ. 33-ე წუთზე ცოტნე ფაცაციამ პენალტით ანგარიში გახსნა, ხოლო შვიდ წუთში სხვაობა ორამდე საჯარიმოს შესანიშნავი შესრულებით მიშიკო სარდალიშვილმა გაზარდა, რომელმაც მანამდე პენალტიც გამოიმუშავა.

ქობულეთელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. „სამგურალი“ მეორე ტაიმში გააქტიურდა და ჯერ სხვაობა შეამცირა, შემდეგ კი წონასწორობაც აღადგინა. 57-ე წუთზე სტუმართა შეტევა გიორგი ნიქაბაძემ დააგვირგვინა და მიმდინარე სეზონში მე-10 გოლი გაიტანა. ტაიკი კაგაიამამ კი 73-ე წუთზე შორიდან ეფექტური დარტყმით „შუქურას“ კარი მეორედ აიღო.

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნული ლიგის 20 ტურის შემდეგ 13 ქულით მერვე ადგილზეა, ხოლო წყალტუბოს „სამგურალმა“ 37 ქულით მესამე ადგილი შეინარჩუნა.