„შუქურამ“ კონკურენტ „მერანს“ 7 ქულით გაასწრო - „სამტრედიამ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT
„შუქურამ“ კონკურენტ „მერანს“ 7 ქულით გაასწრო - „სამტრედიამ“ მეტოქეს შანსი არ დაუტოვა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში მე-17 ტურის სამი მატჩი გაიმართა – შედეგებმა ლიდერებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და ქობულეთის „შუქურამ“ მარტვილის „მერანთან“ უპირატესობა გაზარდა.

სპაერი 1 : 1 მერანი მრ

სპაერის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში მეორეადგილსოანი მარტვილის „მერანი“ ნიკა შალამბერიძემ 70-ე წუთზე დააწინაურა, მაგრამ მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე „სპაერის“ მოთამაშე როინ ოდიშელიძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდებმა ქულები გადაინაწილეს.

შუქურა 3:1 გარეჯი

ქობულეთის „ჩელე არენაზე“ ლიდერმა „შუქურამ“ საგარეჯოს „გარეჯი“ დამაჯერებლად დაამარცხა. თავი გამოიჩინეს მიშიკო სარდალიშვილმა (22), ოლეგ მამასახლისმა (54) და ირაკლი ლექვთაძემ (78), სტუმრებიდან კი გოლი გიორგი ხარებაშვილმა (75) გაიტანა. „შუქურამ“ 29 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან მარტვილის „მერანს“ უკვე 7 ქულით გაასწრო.

სამტრედია 6:0 მერანი თბ

„ეროსი მანჯგალაძე – არენაზე“ „სამტრედიამ“ ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის „მერანი“ მიიღო და უშანსოდ დაამარცხა. მე-4 წუთზე მასპინძლები შალვა ექვთიმიშვილის გოლით დაწინაურდნენ, გიორგი ილურიძემ (14, 30) პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა, ხოლო დავით კირკიტაძის გოლით „სამტრედიამ“ პირველი ტაიმი 4:0 მოიგო. გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილები არც მეორე ტაიმში გაჩერდნენ – ლევან ხმალაძემ (72) და გიორგი ჯალაღონიამ (77) „სამტრედიაში” სადებიუტო გოლები გაიტანეს და მასპინძლებმა 6:0 მოიგეს.

ამავე დროს, მე-18 ტურის პირველი შეხვედრა გაიმართა. „რუსთავმა“ „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლა და ქულები გაინაწილა – 0:0. საინტერესოა, რომ „რუსთავმა“ საშინაო არენა შეიცვალა და მეტოქეს უმასპინძლა არა რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში, არამედ – ბოლნისში, „თამაზ სტეფანია – არენაზე“.

პირველი წრის ბოლო ტურის დარჩენილი ორი მატჩი მხოლოდ შემდეგ პარასკევს, პირველ ივლისს გაიმართება – ცენტრალურ შეხვედრას „სპაერის“ სტადიონი უმასპინძლებს – თბილისის „მერანი“ ლიდერს, ქობულეთის „შუქურას“ მიიღებს.

ტური 18

პარასკევი, პირველი ივლისი

მერანი თბ – შუქურა

18:00. სპაერის სტადიონი – თბილისი

გარეჯი – სპაერი

18:00. ცენტრალური – საგარეჯო

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის ბრალდებით ზუგდიდის „დინამო“ და თბილისის „შევარდენი 1906“ გათამაშებიდან 13 ტურის შემდეგ მოხსნა და მათი შედეგები ანულირებულია. ამის გამო, ტურში ხშირად 4-ის ნაცვლად 3 მატჩი იმართება და 2 გუნდი ისვენებს.

დატოვე კომენტარი