„შუქურა“ განცხადებას ავრცელებს - თამაშის უფლება მხოლოდ ბოლნისის სტადიონზე დაგვრთეს, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო #1TVSPORT
„შუქურა“ განცხადებას ავრცელებს - თამაშის უფლება მხოლოდ ბოლნისის სტადიონზე დაგვრთეს, ეს იძულებითი ნაბიჯი იყო #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „შუქურას“ ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც გულშემატკივართა კრიტიკას უპასუხა, თუ რატომ ითამაშებს დროებით კლუბი ბოლნისის სტადიონზე.

„დღეს დაიწყო მორიგი უსამათლო კამპანია ქობულეთის „შუქურას“ წინააღმდეგ. ყველაზე გულსატკენი ის არის, რომ ამ კამპანიას სათავეში უდგას ჩვენი გუნდის გულშემატკივართა კლუბი. საუბარია იმ იძულებით არჩევანზე, რომ დროებით საშინაო თამაშები ჩავატაროთ ბოლნისის „სიონის“ სტადიონზე. ეს თურმე, ზოგის აზრით, საკუთარი ქალაქის ღალატია.

სინამდვილეში, ამ ეტაპზე, ჩვენს მშობლიურ „ჩელე არენაზე“ მატჩების ჩატარება აბსოლუტურად გამორიცხულია, რადგან გაზონი სავალალო მდგომარეობაშია და საჭიროებს სერიოზულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ასევე, ამ მომენტისთვის შეუძლებელია სავარჯიშო პროცესის წარმართვა კლუბის გამგებლობაში მყოფ „ბობოყვათის“ მოედანზე, სადაც ასევე ჩასატარებელია სამელიორაციო სამუშაოები. ეს ყველაფერი სფეროს სპეციალისტების მიერ უკვე დაგეგმილია, უახლოეს დღეებში დაიწყება ორივე მინდვრის საფარის რეაბილიტაცია და უკვე აპრილის მიწურულს, მაისის დასაწყისში ორივე ეს მოედანი მწყობრში ჩადგება.

ანუ, დავდექით იმის აუცილებლობის წინაშე, რომ დროებით მოგვეძებნა რომელიმე არენა. და რა მდგომარეობაა ამჟამად ამ თვალსაზრისით მთელს საქართველოში? საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტთან კონსულტაციისას გაირკვა, რომ ამჟამად ზღვისპირეთში ეროვნული ლიგის თამაშების ჩატარება არ არის შესაძლებელი არც ანგისას ბაზაზე, არც ფოთის სტადიონზე, რადგან ლიცენზირების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებენ.

რჩება მხოლოდ ბათუმის მთავარი სტადიონი, რომლის არენდის გადასახადიც 1 მატჩზე 25 ათასი ლარის ფარგლებშია. „შუქურას“ ამ ეტაპზე არ აქვს ისეთი ბიუჯეტი, რომ თვეში, სულ მცირე, 50 ათასი ლარი გადაიხადოს სტადიონის დაქირავებაში. დასავლეთ საქართველოში არსებული შესაბამისი არენებიდან ქუთაისის სტადიონი რემონტშია, რის გამოც „ტორპედო“ ზესტაფონში თამაშობდა, მაგრამ ამ მომენტისთვის ესეც შეუძლებელი გახდა და ქუთათურებმა სამტრედიას მიაშურეს, სადაც ამ სტადიონს „სამტრედიასთან“ ერთად გაიყოფენ.

მეტი ლიცენზირებული არენა დასვლეთ საქართველოში, სამწუხაროდ, არ გვაქვს, ჩვენ კი ამ დუეტს ვერ შევუერთდებოდით, რადგან 1 სტადიონზე ფედერაციას მხოლოდ 2 გუნდის მასპინძლობა აქვს დაშვებული (კალენდრის დაგეგმვის საკითხებიდან გამომდინარე).

აღმოსავლეთ საქართველოში მოთხოვნებს აკმაყოფილებს გორის სტადიონი, სადაც, „დილასთან“ ერთად, თბილისის „დინამო“ ჩაატარებს საშინაო მატჩებს, რადგან ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“, ისევე როგორც „მიხეილ მესხზე“ ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მოსამზადებლად განახლება მიმდინარეობს.

შესაბამისად, ერთადერთ შესაძლო ვარიანტად, სადაც საშეჯიბრო კომიტეტმა თამაშის ნებართვა მოგვცა, დარჩა ბოლნისის თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონი და იძულებულები გავხდით, რომ ამ ვარიანტს დავთანხმებოდით. ეს კლუბისთვის მძიმე ფინანსური დაწოლაა. ჯერ ერთი, ამის გამო კლუბი ბაზირებულია თბილისში, სადაც გვიწევს ფეხბურთელების საბინაო პირობებით უზრუნველყოფა და სავარიშო მოედნების დაქირავება. ასევე, პრაქტიკულად ყველა – როგორც საშინაო, ისე გასვლით თამაშზე ტრანსპორტის დაქირავება და ბოლნისის სტადიონის არენდა. მაგრამ ეს არ იყო ჩვენი არჩევანი.

იმის ნაცვლად, რომ ამ ვითარების სირთულე გაეაზრებინათ და „შუქურას“ თუნდაც მორალურად გვერდში დადგომოდნენ, გულშემატკივართა კლუბმა, პირიქით, სკანდალური ხმაური ატეხა ისე, რომ არც კი დაინტერესებულან ჩვენი ამ არასასურველი არჩევანის მიზეზებით. ვეცდებით, ამ ობსტრუქციას კარგი თამაშით ვუპასუხოთ და ასე შემოვირიგოთ გაურკვეველი მიზეზებით გაგულისებული ჩვენი ქომაგები. იმედი გვაქვს, ამ ახსნა-განმარტების შემდგომ მათთვის რეალობა ნათელი გახდა და კლუბის, მშობლიური ქალაქის ღალატში ბრალს აღარ დაგვდებენ“, – წერია ქობულეთის „შუქურას“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.