„შუქურა“ ელიგისთვის ინფრასტრუქტურითაც ემზადება
„შუქურა“ ელიგისთვის ინფრასტრუქტურითაც ემზადება

ქობულეთის „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და მთავარი ქართული ლიგისთვის ინფრასტრუქტურითაც ემზადება.

„შუქურას“ ვებ გვერდის ცნობით, ბობოყვათის საწვრთნელ ბაზაზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს პერიოდში გუნდს ბუნებრივსაფარიანი სრულყოფილი სტანდარტული მოედანი ექნება.

მანამდე გუნდი ურეკში, ე.წ. გაგუების საფეხბურთო მოედნებზე ვარჯიშობს და ზუგდიდის „დინამოსთან“ საკონტროლო მატჩიც ამ სტადიონზე ჩაატარა.

განახლება ქობულეთის „შუქურას“ საშინაო არენასაც დასჭირდა. „ჩელე არენაზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს – იცვლება მინდვრის საფარი, რემონტდება საპრესკონფერენციო დარბაზი, გასახდელები, მსაჯთა და სამედიცინო ოთახები.

„შუქურა“ ეროვნულ ლიგაში პირველ საშინაო შეხვედრას 9 მარტს, მე-3 ტურში „სამტრედიასთან“ არა „ჩელე არენაზე“, არამედ, ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის არენაზე ჩაატარებს, ქობულეთში საშინაო მატჩებს კი მხოლოდ ეროვნული ლიგის მესამე წრიდან გამართავს.