„შუქურა“ ბოლნისის ნაცვლად ანგისის ბაზაზე ითამაშებს - ქობულეთელებს ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი დაეხმარა #1TVSPORT
„შუქურა“ ბოლნისის ნაცვლად ანგისის ბაზაზე ითამაშებს - ქობულეთელებს ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტი დაეხმარა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული საფეხბურთო კლუბი ქობულეთის „შუქურა“ საშინაო მატჩებს არა ბოლნისში, არამედ, ბათუმში ჩაატარებს, – ამის შესახებ განცხადება კლუბის ადინისტრაციამ გაავრცელა.

„ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ ქობულეთის „შუქურა“ საშინაო შეხვედრებს ბათუმში ჯონი ბაკურიძის სახელობის ანგისის ბაზაზე ჩაატარებს. მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ გადაწყვეტილების მიღებაში, განსაკუთრებით კი არჩილ ბერიძეს.

ბათუმის „დინამოს“ პრეზიდენტმა გაითვალისწინა გუნდის მფლობელისა და ქობულეთელი გულშემატკივარის გულისტკივილი და ნება დაგვრთო, რომ ჩვენთვის საკუთარი არენა დაეთმო.

ასევე მადლობას ვუხდით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ თორნიკე რიჟვაძეს და ქობულეთის მერს ბატონ ლევან ზოიძეს, რომლებმაც გუნდის მფლობელთან და არჩილ ბერიძესთან ერთად კლუბის გადარჩენის რეალური გზა გამონახეს“, – წერია „შუქურას“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მანამდე გავრცელდა ინფრომაცია, რაც „შუქურას“ ხელმძღვანელობამ დაადასტურა, რომ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებული ქობულეთის კლუბი საშინაო მატჩებს ბოლნისის „თამაზ სტეფანია არენაზე“ გამართავდა, რადგან სხვა სტადიონზე თამაშს ფიზიკურად ვერ ახერხებდა.