შულაიას წასვლა სურს - „დინამო“ თავდამსხმელის პასუხს ელის
შულაიას წასვლა სურს - „დინამო“ თავდამსხმელის პასუხს ელის
„დინამო თბილისის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა დოლიძემ და მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა „დინამო არენას“ მედია დარბაზში გამართულ სეზონისწინა პრესკონფერენციაზე აკაკი შულაიას შესახებ ილაპარაკეს.
 
22 წლის ფეხბურთელს წასვლა სურს, მაგრამ ახალ გუნდში ვერ ჩაირიცხა, თბილისის „დინამოში“ დარჩენა კი არ სურს.
„შულაიას „დინამოსთან“ კონტრაქტი ივნისამდე აქვს. გაუმჯობესებული ხელშეკრულება შევთავაზეთ, მას კი კარიერის ევროპაში გაგრძელება სურს, მაგრამ გუნდი ჯერ ვერ იპოვა. ჩვენ კი მის მის პროფესიონალიზმს ვაფასებთ, გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა და დარჩენა შევთავაზეთ, მაგრამ მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სატრანსფერო ფანჯარა ევროპული ქვეყნების უმეტესობაში დაიხურა, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში წასვლის პერსპექტივა კიდევ არსებობს. ჩვენ მის პოზიციაზე ფეხბურთელები დავიმატეთ. თუ შულაია დარჩენას გადაწყვეტს, ჩვენი წინადადება ძალაში დარჩება“ – ამბობს „დინამო თბილისის“ გენერალური დირექტორი.
კახა ჩხეტიანი, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი: „გუნდში მოსვლისას პირველი შულაიას ველაპარაკე, რადგან ვიცოდი, რომ გუნდიდან წასვლა სურდა. მეც და კლუბის ხელმძღვანელებმაც ვუთხარით, რომ მისი შენარჩუნება გვსურდა. მოლაპარაკებები ისევ მიდის. წასვლას თუ გადაწყვეტს, ხელს არ შევუშლით, თუმცა, მიმაჩნია, დრო ტყუილად დაკარგა“.
ზაზა დოლიძემ გუნდის კაპიტნის, ნიკა ნინუას შესახებაც ილაპარაკა: „მას მსურველები არ აკლდა, მაგრამ „დინამოში“ დარჩა – ნიკასთან კონტრაქტი ზაფხულამდე ძალაშია და დიდი იმედი გვაქვს, რომ ევროსარბიელზეც ჩვენთან ითამაშებს“.