„შტურმმა“ ქულები კვლავ დაკარგა, მამაგეიშვილმა ასისტი ჩაიწერა #1TVSPORT
გრაცის „შტურმმა“ ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფში ვენის „აუსტრიას“ უმასპინძლა და ზედიზედ მეოთხე შეხვედრა ფრედ დაასრულა – 1:1. ასევე ზედიზედ მესამედ შეხვედრაში თავი ქართველმა ფეხბურთელმა გამოიჩინა.
ოთარ კიტეიშვილი და გიზი მამაგეიშვილი ნახევარდაცვის ცენტრში ერთად დააყენეს და პირველად მოხდა, რომ ამ წყვილმა შეუცვლელად ითამაშა. 54-ე წუთზე „აუსტრია“ დაწინაურდა, „შტურმმა“ თამაში 85-ე წუთზე კოლერის გოლით გადაარჩინა, რომელმაც მამაგეიშვილის საგოლე გადაცემით ისარგებლა.
ავსტრიის ბუნდესლიგის საჩემპიონო ჯგუფის 29-ე ტურის შემდეგ გრაცის „შტურმმა“ 30 ქულა დააგროვა და, ზედიზედ მეოთხედ დაკარგული ქულების მიუხედავად, 30 ქულით ისევ ლიდერია, მაგრამ „ლასკი“ (30) წამოეწია, რომელსაც მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით ასწრებს.