„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილი გუნდის ლიდერი და წარმატების მაგალითია #1TVSPORT
„შტურმის“ სპორტული დირექტორი - კიტეიშვილი გუნდის ლიდერი და წარმატების მაგალითია #1TVSPORT

გრაცის „შტურმის“ სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას შიკერმა პოპულარულ გერმანულ გამოცემა „კიკერთან“ ინტერვიუში საკადრო პოლიტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბი უცხოელ ტალანტებზეა ორიენტირებული, მათი საჭიროების დასამტკიცებლად კი ოთარ კიტეიშვილის წარმატებული კარიერა დაასახელა.

„ჩვენ ბევრი ლეგიონერი გვყავს, მაგრამ ამას „ზალცბურგის“ საკადრო პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. ეს რადიკალური ცვლილებები ავსტრიაში 2012 წელს რალფ რანგნიკმა „ზალცბურგში“ მუშაობის დროს შემოიტანა, რისთვისაც ყველა მადლობელი უნდა ვიყოთ.

მიუხედავად ამისა, „შტურმი“ საკუთარი გზით მიდის და ჩვენი ხედვა გაგვაჩნია. ჩვენ უბრალოდ ვუყურებთ საზღვარგარეთ და ვეძებთ ქვეყნებს, საიდანაც შეგვიძლია ტალანტები ავიყვანოთ. ჩვენ გვაქვს მკაფიო სტრუქტურა, „ღია თვალები“ და ყოველთვის ვაკვირდებით ავსტრიის ბაზარსაც, მაგრამ „შტურმში“ ავსტრიელები ნაკლებად თამაშობენ.

ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის თამაშობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ჯონ გორენც სტანკოვიჩი, ოთარ კიტეიშვილი და გრეგორი ვიტრიხი. ეს სამეული, პლუს ჰიერლანდერი, არის გუნდის ღერძი, რომელიც „შტურმის“ სტაბილურობას და წარმატებას განაპირობებს. ისინი გუნდის ლიდერები არიან, რომლებიც მოედანზე ფიქრობენ და წარმატების მაგალითს აჩვენებენ. ეს არის ის პარამეტრები, რომელსაც მე ყველაზე მეტად ვაფასებ“, – ამბობს „შტურმის“ სპორტული დირექტორი.