შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი გამოიკითხა
შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი გამოიკითხა

სამართალდამცველებმა გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი გამოკითხეს.

მარიამ ვარდიაშვილის თქმით, შსს-ში გამომძიებლებმა კითხვები დაუსვეს ბაჩანა ლობჟანიძესთან დაკავშირებითაც, რომელიც აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებული იყო.

„ყველა კითხვას გავეცი პასუხი. მკითხეს, საიდან ვიცნობდი თამუნას ან ბაჩანას. რეალურად, ბაჩანას არ ვიცნობ. თამართან ბოლოს კონტაქტი მქონდა ჩინეთთან დაკავშირებით. ჩინეთში ვიყავი წასული და მკითხა, როგორ მომწონდა, როგორი ხალხი იყო ჩინელები. ჩინეთში ვიყავი ნოემბერში და მაშინ მომწერა. შემდეგ კონტაქტი არ მქონია“, – განუცხადა შსს-ს შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს მარიამ ვარდიაშვილმა.

გოგონას თვითმკვლელობის ვერსიასთან დაკავშირებით, ვარდიაშვილი ამბობს, რომ ვერაფერს გამორიცხავს და ვერც დაადასტურებს.

ამასთან, ჟურნალისტები დაინტერესდნენ, მის მიმართ თუ იყო მუქარა ბაჩანა ლობჟანიძის მხრიდან.

„მუქარა არა, უბრალოდ მითხრა, რომ გადასცემდა ჩემს ინფორმაციას, დამიბარებდნენ. ის, რომ თეთრიწყაროში ვიყავი კარანტინში. მე ვიყავი ჩემს ბიძასთან და ბიძაშვილთან სტუმრად ჩასული და შემდეგ მომიწია კარანტინში ყოფნა. ჩაკეტეს, ვერც სახლიდან გავდიოდი, შემდეგ წამოვედი თბილისში და მერე მოხდა ეს ამბები“, – აცხადებს ვარდიაშვილი.

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვლის სამსახურებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

„არ ვიცი, სად მუშაობდა. უბრალოდ, ვიცოდი, რომ ორ სამსახურში მუშაობდა და გადაღლილი იყო სულ, სხვა არაფერი. ვიცოდი, რომ პროგრამისტად მუშაობდა. სხვა არც მიკითხავს არაფერი. ერთხელ იყო ჩემთან სტუმრად გუდაურში, სამი წლის წინ. მაგის გარდა, ჩვენ ერთად სადმე არ ვყოფილვართ.

შეყვარებულის შესახებ არაფერი ვიცოდი, ბაჩანამ მომწერა შარშან ზამთარში, რომ ჩემი სხვა დაქალი მოსწონდა და მთხოვა, გამაცანი, დამაახლოვეო. ჩვენ ერთ უნივერსიტეტში ვსწავლობდით, შორიდან მყავდა ნანახი ეს ბაჩანა და მესენჯერში მომწერა. გამარჯობაც არ გვაქვს ერთმანეთისთვის ნათქვამი. რომ თქვა, თამუნამ გამაცნოო, უარვყოფ ამ ინფორმაციას. ბაჩანა და თამუნა რომ ერთმანეთს იცნობდნენ, არ ვიცოდი.

გამოძიებამ ძალიან ბევრი კითხვა დამისვა თამუნასთან, ბაჩანასთან დაკავშირებით. აინტერესებდათ, როგორი გოგო იყო, ჰქონდა თუ არა ჩაკეტილი ბუნება. ვუთხარი, რომ არა, ძალიან მხიარული, საყვარელი გოგონა იყო, კეთილი. ყველას ეხმარებოდა, ძალიან აქტიური და კომუნიკაბელური იყო“, – აცხადებს მარიამ ვარდიაშვილი.

ამასთან, მარიამ ვარდიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სხვა დროისთვის გამოკითხვაზე დაბარებული აღარ არის.

დატოვე კომენტარი