შსს-ს ინფორმაციით, წელს 136 ნარკორეალიზატორია დაკავებული
შსს-ს ინფორმაციით, წელს 136 ნარკორეალიზატორია დაკავებული

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ პოლიციის მიერ ნარკოდანაშაულთან ბრძოლის 2021 წლის შედეგები შეაჯამა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტად კვლავ რჩება ნარკოდანაშაულის აღმოფხვრა და ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყველაზე მეტი ნარკორეალიზატორი მიმდინარე წელს დავაკავეთ.

გაგაცნოთ 2021 წელს საქართველოს მასშტაბით ნარკოდანაშაულის მიმართულებით არსებული სტატისტიკურ მონაცემები. მიმდინარე წლის 22 დეკემბრის მონაცემებით, სულ დაკავებულია 136 ნარკორეალიზატორი.

ამოღებულია: 19 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ოთხი კილოგრამი „კოკაინი“, ხუთი ათასი აბი „სუბუტექსი“, სამი კილოგრამი „ალფა-პვპ“, 26 კილოგრამი „ბიო“ და სხვა სახის ნარკოტიკები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც იმუშავა. მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელი ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებლების მიმართ. ცვლილებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად განისაზღვრა 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა, ხოლო მაქსიმალურ ზღვრად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა დადგინდა.

საკანონმდებლო ცვლილებები აგრეთვე შეეხო ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო გასაღებას და იგი გაიმიჯნა აღნიშნული ნივთიერების უკანონო დამზადებისგან და შეძენისა-შენახვისგან“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

დატოვე კომენტარი