შსს - მუშევანში მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება
შსს - მუშევანში მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს გამოძიებას აწარმოებს. შსს-ში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, რომ მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება.

„სოფელ მუშევანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვა. მსუბუქად არის დაზიანებული ორი სატრანსპორტო საშუალება, ფიზიკური დაზიანების ფაქტი არ ფიქსირდება“, – აცხადებენ შსს-ში.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, სოფელ მუშევანში გუშინ სასწრაფო დახმარების ჯგუფი შევიდა, რომელსაც რამდენიმე პირი, რომელთაც ტესტირების შედეგად კორონავირუსი დაუდასტურდათ, საავადმყოფოში უნდა გადაეყვანა. ნათესავებმა ეს ფაქტი გააპროტესტეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

ოფიციალური მონაცემებით, სოფელ მუშევანში გუშინ კორონავირუსის ათი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. მანამდე სოფელში კიდევ რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა იყო, რის გამოც, სოფელში ზომები გამკაცრდა და დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.

დატოვე კომენტარი