შსს-მ საქართველოში სამი კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ და ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტები აღკვეთა
შსს-მ საქართველოში სამი კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ და ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინის“ შემოტანის ფაქტები აღკვეთა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მამუკა ჭელიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლა. მისივე თქმით, ამ მიზნით სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორ ქვეყნებთან, აქტიურად ხდება ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა.

„სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ორი ფაქტი აღკვეთეს. პოლიციის მიერ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნივთმტკიცებად ამოღებულია სამი კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რვა შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინი“.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, პორტუგალიის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ა.ფ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა.

სამართალდამცველებმა, მისი ბარგის ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 100 გრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1995 წელს დაბადებული ს.გ. და 1989 წელს დაბადებული პ.გ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ორივე დაკავებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს 8 შეკვრად დაფასოებული, ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა“, – განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

მისივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკი ირანიდან უკანონოდ შემოიტანეს.

ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს.