შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში ორი პირი დააკავა
შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით ფონიჭალაში ორი პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით, 1987 წელს დაბადებული ნ.ა. და 1997 წელს დაბადებული ა.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ფონიჭალაში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ნ.ა.-ს შემთხვევაში დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო, ხოლო ა.მ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებული საკონტროლო შესყიდვების დროს დაკავებულებისგან ოთხ შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები შეიძინეს, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით ჰეროინს შეიცავს“, – აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ და მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.