შსს-მ 500 გრამამდე ნარკოტიკული საშუალების საქართველოში შემოტანისთვის სომხეთის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიცის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვის ბრალდებით, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ ტეროტორიაზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა მიმდინარე წლის 25 ივნისს დარიალის საბაჟო გამშვებ პუნქტში რუსეთიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით მიმავალი ავტობუსი შეაჩერეს.

ნივთების შემოწმების შედეგად, ამავე ავტობუსში მოთავსებულ ე.წ. ჰოვერბორდში 500 გრამამდე ნარკოტიკული საშალება, სავარაუდოდ „კოკაინი“ აღმოაჩინეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო გადატანა-გადაზიდვას გულისხმობს.

მედიის ცნობით, ავტობუსში სომხეთის 50-მდე მოქალაქე იმყოფებოდა. ისინი ერევნის მიმართულებით სხვა ავტობუსით გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფებოდნენ საქართველოში სომხეთის საელჩოს წარმომადგენლები.