შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - გუნდის მიზანი ორი საუკეთესო ევროპელი ტალანტის, ჰალანდის და კვარაცხელიას განეიტრალებაა #1TVSPORT
შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია - გუნდის მიზანი ორი საუკეთესო ევროპელი ტალანტის, ჰალანდის და კვარაცხელიას განეიტრალებაა #1TVSPORT

სტივ კლარკმა ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის შემადგენლობა შეარჩია. შოტლანდიელთა მწვრთნელმა წინასწარ იცოდა, რომ გამოცდილი მცველის, გრანტ ჰენლის და ჩე ადამსის გარეშე იქნებოდა. მან ტრავმების გამო შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობაში არაერთი ცვლილება შეიტანა.

მწვრთნელმა დააბრუნა „რეინჯერსის“ მცველი ჯონ სატარი, კევინ ნისბეტი და „ბლექბერნის“ მცველი დომინიკ ჰაიამი, ასევე ლოურენს შენკლენდი და კევინ ნისბეტი „საუთჰემპტონის“ თავდამსხმელის, ადამსის ტრავმის გამო. „სტოკის“ თავდამსხმელი ჯეიკობ ბრაუნი მუდამ კლარკის სიაში იყო, მაგრამ ამჯერად არ გამოიძახეს.

მატჩებს გამოტოვებს „ნოტინჰემ ფორესტის“ მცველი სკოტ მაკკენაც, ასევე ნახევარმცველები – დევიდ ტერნბული („სელტიკი“) და ალან კემპბელი („ლუტონ თაუნი“).

შოტლანდია ითამაშებს ნორვეგიასთან და საქართველოსთან იმ იმედით, რომ A ჯგუფში პირველ ადგილს შეინარჩუნებს. გუნდი ნორვეგიაში გაემგზავრება 17 ივნისს, ხოლო საქართველოს 20 ივნისს „ჰამპდენ პარკზე“ უმასპინძლებს. კვიპროსსა და ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ გუნდს ექვსიდან ექვსი ქულა აქვს.

შოტლანდია ნორვეგიასთან და საქართველოსთან შემდეგი შემადგენლობით ითამაშებს:

მეკარეები: ზანდერ კლარკი, ანგუს განი, ლიამ კელი

მცველები: ლიამ კუპერი, ჯეკ ჰენდრი, აარონ ჰიკი, დომინიკ ჰაიმი, ნათან პატერსონი, რაიან პორტუსი, ენტონი რალსტონი, ენდი რობერტსონი, ჯონ სატარი, გრეგ ტეილორი, კირან ტირნი.

ნახევარმცველები: სტიუარტ არმსტრონგი, ლუის ფერგიუსონი, ბილი გილმორი, რაიან ჯეკი, ჯონ მაკგინი, კალუმ მაკგრეგორი, კენი მაკლინი, სკოტ მაკტომინაი.

თავდამსხმელები: რაიან კრისტი, ლინდონ დაიკსი, კევინ ნისბეტი, ლოურენს შენკლენდი.

„ივნისის თამაშების გამოწვევა ისაა, რომ შოტლანდიის ნაკრებმა უნდა გაანეიტრალოს ევროპული ფეხბურთის ორი საუკეთესო ტალანტი, ნორვეგიელი ერლინგ ჰალანდი და ქართველი ხვიჩა კვარაცხელია. დიდ ტურნირზე, 1998 წლის შემდეგ პირველად, შოტლანდია ევრო 2020-ზე მოხვდა. კლარკის გუნდმა კატარში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გამოტოვა მას შემდეგ, რაც პლეი ოფში უკრაინასთან დამარცხდა. ახლა მიზანი ისევ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაა“, – წერს გამოცემა The scottish sun-ი.