შოტლანდიელებს არველაძე ახსოვთ - ფანები ქართველში „რეინჯერსის“ მომავალ მენეჯერს ხედავენ
შოტლანდიელებს არველაძე ახსოვთ - ფანები ქართველში „რეინჯერსის“ მომავალ მენეჯერს ხედავენ

შოტლანდიური გამოცემა „რეინჯერს ნიუსი“ უზბეკეთში შოთა არველაძის წარმატებულ საქმიანობას გამოეხმაურა.

„შოთა არველაძე, „რეინჯერსის“ ყოფილი თავდამსხმელი უზბეკეთის მორიგ ტიტულებს დაეუფლა. ლეგენდარულმა ქართველმა ფორვარდმა „რეინჯერსთან“ და „აიაქსთან“ ერთად ტიტულები ფეხბურთელის რანგში მოიპოვა, მწვრთნელის როლში კი დიდ შთაბეჭდილებას აღმოსავლეთში (აზიაში) ახდენს. თავდამსხმელმა კარიერა სამშობლოში, თბილისის „დინამოში“ დაიწყო, შემდეგ კი თურქეთის „ტრაპზონის“ გავლით დასავლეთ ევროპაში გადავიდა. ასევე თამაშობდა ჰოლანდიის „ალკმაარსა“ და ესპანურ „ლევანტეში“. არის საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი, რომლის ფორმითაც 61 მატჩში 26 ბურთი გაიტანა. შოთა არველაძემ ახლა სახელი აზიაში გაითქვა, როგორც კარგმა მენეჯერმა“, – წერს „რეინჯერს ნიუსი“.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა თავდამსხმელმა „რეინჯერსთან“ ერთად ოთხი წლის განმავლობაში (2001–2005) დიდი წარმატება მოიპოვა. „აიბროქსზე“ შოთამ მოიგო ჩემპიონის ორი ტიტული, ორჯერ – შოტლანდიის თასი და ერთხელ – შოტლანდიის ლიგის თასი.

გამოცემამ გულშემატკივრების აზრი გააჟღერა – ქართველი თავდამსხმელის ყოფილი კლუბის, „გლაზგო რეინჯერსის“ ფანები მასში კლუბის მომავალ მთავარ მწვრთნელს (მენეჯერს) ხედავენ: „შოთა „რეინჯერსის“ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს გულშემატკივრების გულებში, რომლებმაც გუნდის ყოფილ თავდამსხმელს ბოლო წარმატების შემდეგ მრავალი მილოცვა გაუგზავნეს“.

ჩვენ „რეინჯერსის“ გულშემატკივრების გამოხმაურებებიდან საინტერესო კომენტარები შევარჩიეთ:

„ყოჩაღ, შოთა! მიყვარხარ და მენატრები. ლეგენდა“, „რეინჯერსში“ თქვენი ნახვა ყოველთვის გაგვიხარდება“,

„ის „რეინჯერსის“ მომავალი მენეჯერია“, „კარგი კადრია!“, „უდიდესი შოთა! თქვენ და თქვენმა გუნდმა ბევრი გააკეთეთ“.