შოთა თოფურია - სლოვაკეთთან მეორე გოლმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, ბრატისლავაში კიდევ უფრო რთული მატჩი გველის #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა შოთა თოფურიამ და გიორგი ჩიმაკაძემ ევრო 2026-ის პლეი ოფში სლოვაკეთთან მოგებულ პირველ მატჩზე (4:1) კომენტარი გააკეთეს.
შოთა თოფურია: „სლოვაკეთის ნაკრები და მათი კომბინაციებიც შევისწავლეთ. ვიცოდით, რომ ფიზიკურად ძლიერი გუნდი იყო, რაზეც მწვრთნელებმა კარგად იმუშავეს და მაქსიმალურად ვეცადეთ, ჩვენი პლუსები გამოგვეყენებინა. პირველი ტაიმი უფრო რთული იყო, რადგან უფრო დაძაბულები ვიყავით. მეორე გოლმა თამაშში გარდატეხა შეიტანა, უფრო გავიხსენით და სასურველი შედეგი დავაფიქსირეთ. მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ორმაგი ემოციები და ძალა გვაქვს, როდესაც ასე გვგულშემატკივრობენ“.
გიორგი ჩიმაკაძე: „ანგარიშის მიუხედავად, დაძაბული თამაში იყო. სლოვაკეთის ნაკრები ძლიერი გუნდია. მადლობა ჩვენს ბიჭებს, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინ არის. საპასუხო მატჩში მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ და რაც უფრო ნაკლებ შეცდომას დავუშვებთ, მით უკეთესი იქნება“.
2026 წლისევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 23 სექტემბერს გაიმართება – შეხვედრას ბრატისლავა უმასპინძლებს.
