მახარაძის „შერიფი" იუნიორთა ლიგას დაემშვიდობა
მახარაძის „შერიფი" იუნიორთა ლიგას დაემშვიდობა

შოთა მახარაძის გაწვრთნილი ტირასპოლის „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდი იუნიორ ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობა.

მოლდოველები იუნიორ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ცნობილი სერბული გუნდის, „ცრვენა ზვეზდას“ 19-წლამდელებს ერთრაუნდიან მატჩში საშინაო არენაზე დაუპირისპირდნენ. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთ ბალკანელებმა შეასრულეს (2:4) და გათამაშების ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.

შოთა მახარაძის ხელმძღვანელობით, ტირასპოლის „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდმა იუნიორ ჩემპიონთა ლიგის პირველ ეტაპზე ალბანური „შკენდიას“ (2:1, 1:0) ბარიერი დაძლია, მეორე რაუნდში კი ნორვეგიულ „სონდალი“ გამოთიშა (შინ 2:0, გასვლაზე 1:3).

აქამდე „შერიფის“ 19-წლამდელთა გუნდმა იუნიორ ჩემპიონთა ლიგაზე ორჯერ ითამაშა და ორივეჯერ გათამაშებას პირველივე ეტაპზე გამოეთიშა, პლეი ოფში კი ქართველის ხელმძღვანელობით გავიდა.