ლევან გოგიჩაიშვილი - იწილო-ბიწილოს არ ვაპირებ, შოთა ხაბარელის მხრიდან ზედმეტი სიტყვები იყო გამოყენებული
ლევან გოგიჩაიშვილი - იწილო-ბიწილოს არ ვაპირებ, შოთა ხაბარელის მხრიდან ზედმეტი სიტყვები იყო გამოყენებული

ლევან გოგიჩაიშვილმა და დავით ჭიჭინაძემ ჩვენ გაგვაბრაზეს, რადგან ჩემთვის ძალიან გულსატკენია, რომ გუნდის ყოფილი წევრები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პროცედურულ ომში ჩაერთნენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, შოთა ხაბარელმა განუცხადა. მას სხდომათა დარბაზში ჭიჭინაძესა და გოგიჩაიშვილთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა.

ხაბარელის თქმით, კარგად გამოჩნდა ის პროცედურული ომი, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამოიწყო.

„ჩემი წყენა იმან გამოიწვია, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრები მათ ნარატივს გაყვნენ. მათ მოვუწოდე, მათ ნუ დაემსგავსებიან. ლევან გოგიჩაიშვილი „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს არ დაემსგავსება, რადგან ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული და მათი მომხრე არასდროს იქნება, მაგრამ რატომღაც, დღეს მათ ნარატივს გაჰყვა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენისას კითხვები კითხვებისთვის დასვეს და პასუხს არავინ დაელოდა, ეს არის პროცედურული ომი და სხდომის ჩაშლა. ყველაზე ცუდი ისაა, რომ არავის აინტერესებს, ეროვნულ ბანკთან მიმართებით რა მოხდა, ყველას შოუ უნდა და ამ ნარატივს გაყვნენ. მათ ქვეყნის წინსვლა არ აინტერესებთ“, – განაცხადა ხაბარელმა.

აღსანიშნავია, რომ შოთა ხაბარელის განცხადებებთან დაკავშირებით ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, რომ მან „ზედმეტი სიტყვები გამოიყენა“.

„იწილო-ბიწილოს არ ვაპირებ. შოთა ხაბარელის მხრიდან ზედმეტი სიტყვები იყო გამოყენებული და ალბათ, ამას თვითონაც ხვდება. თქვენც დაგიდასტურათ, რომ სჯობდა, სხვანაირად ეთქვა. პარლამენტია, კომკავშირის სხდომა ხომ არ არის?“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.