შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის პრემიერლიგაში 50 მატჩი ჩაატარა
შოთა გრიგალაშვილმა ყაზახეთის პრემიერლიგაში 50 მატჩი ჩაატარა

შოთა გრიგალაშვილისთვის ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-13 ტურის მატჩი საიუბილეო გამოდგა. „კიზილ ჟარას“ 34 წლის კაპიტნისთვის „ოკჟეტპესთან“ (1:2) გასვლითი დაპირისპირება ყაზახეთის პრემიერლიგაში 50-ე მატჩი აღმოჩნდა.

ვეტერანი ქართული ნახევარმცველის დებიუტი ყაზახურ ლიგაში სხვა გუნდის რიგებში შედგა – მაშინ გრიგალაშვილი პავლოდარ „ირტიშის“ შემადგენლობაში ჩაირიცხა და 2016 წლის 25 ივნისს პავლოდარში, „ჟეტისუსთან“ (3:1) ითამაშა.

მან „ირტიშის“ ფორმით 13 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა, ხოლო „კიზილ-ჯარას” შემადგენლობაში 37 შეხვედრაში 6 გოლის ავტორი გახდა. საერთო ჯამში, მან ყაზახეთის პრემიერლიგაში 50 მატჩში ანგარიშზე 9 გოლი ჩაიწერა.

შოთა გრიგალაშვილმა იუბილე კარგი თამაშით აღნიშნა – 34 წლის ფეხბურთელმა „ოკჟეტპესთან“ ანგარიში 43-ე წუთზე გახსნა. მიუხედავად გუნდის წაგებისა, ის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს.