შოთა ბაბუნაშვილი - სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ #1TVSPORT
შოთა ბაბუნაშვილი - სანაკრებო პაუზა ნაყოფიერად გამოვიყენეთ #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, შოთა ბაბუნაშვილი სანაკრებო პაუზასა და გუნდში გაწეულ საქმიანობაზე ილაპარაკა.

ქუთაისის „ტორპედომ“ ბათუმის „დინამოსთან“ ანგისას ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 2:2 დაასრულა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ როგორც ქუთაისელთა ძირითადი გუნდის მოთამაშეები, ასევე „ტორპედო 2“-დან საბა ფირიანიშვილი და 19-წლამდელების გუნდის სამი მოთამაშე – ანზორ თევზაძე, ლუკა ელბაქიძე და საბა გოგლიჩიძე.

„სანაკრებო პაუზა იყო და გუნდმა ძალიან ნაყოფიერი შეკრება გაიარა. ორი ამხანაგური მატჩი ვითამაშეთ – პირველი ერთმანეთში, ხოლო მეორედ ისეთ კარგ გუნდთან, როგორიც ბათუმის „დინამოა“. საქმეში ვნახეთ ის ფეხბურთელები, რომლებიც ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებიან და უფრო შეცვლაზე თამაშობენ ან საერთოდ ვერ თამაშობენ. საამისოდ ეს კარგი მატჩები იყო“, – ამბობს შოთა ბაბუნაშვილი.

ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა მზადება დადებითად შეაფასა: „შესვენების დროს გუნდი კარგად მოემზადა, მაისში მოგებული სამი მატჩის შემდეგ კი ფეხბურთელებს უფრო მეტი თავდაჯერებულობა აქვთ, ვიდრე მანამდე. ფაქტობრივად, ყველა სრული დატვირთვით ემზადება. მიკრო-ტრავმები სამ მოთამაშეს ჰქონდა და ისინიც დაგვიბრუნდნენ. ვაპირებთ მოგებების სერია ივნისშიც გავაგრძელოთ“.