შოთა ბაბუნაშვილი ფეხბურთიდან გააცილეს
შოთა ბაბუნაშვილი ფეხბურთიდან გააცილეს

402 მატჩი საქართველოს ჩემპიონატში, 33 გოლი, 7-გზის საქართველოს ჩემპიონი, 4-გზის სუპერთასის და 2-გზის დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი – ასე დაასრულა კარიერა შოთა ბაბუნაშვილმა, რომელიც დღეს ფეხბურთიდან გააცილეს.

რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეული ფეხბურთელის გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა. მოედანზე ქუთაისის „ტორპედოს“ ვეტერანები და მეგობრები გავიდნენ – მალხაზ ასათიანი, კახა ჩხეტიანი, მიხეილ აშვეთია, დავით ჯანაშია, ზურაბ იონანიძე, ნუკრი რევიშვილი, ვალერი აბრამიძე, სოსო გიგიაძე, გიორგი ჭელიძე, ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ვიცე–პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშეები, გიორგი ნემსაძე, ალეკო ამისულაშვილი, დავით ოდიკაძე.

გამოსამშვიდობებელი მატჩის შემდეგ შოთა ბაბუნაშვილს ლევან კობიაშვილმა საგანგებო პრიზი გადასცა, ხოლო „ტორპედომ“ გუნდის 8-ნომრიანი მაისურა, რომლითაც წლები ამ გუნდში თამაშობდა.

მატჩის მიმდინარეობისას უცნაური ინციდენტი მოხდა: მოედნის სარწყავი სისტემა ჩაირთო, თუმცა პრობლემა მალე მოგვარდა და მატჩი ჩვეულებრივ გაგრძელდა.

ცნობილია, რომ კარიერის დასრულების შემდეგ შოთა ბაბუნაშვილი „ტორპედოს“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.